უკრაინის გენერალურმა შტაბმა „ლიპეცკის“ სამხედრო აეროდრომზე თავდასხმა დაადასტურა

უკრაინის თავდაცვის ძალები 9 აგვისტოს ღამეს თავს დაესხნენ რუსეთის სამხედრო აეროდრომს „ლიპეცკს“, სადაც განლაგებულია „სუ-34“, „სუ-35“ და „მიგ-31“ ტიპის თვითმფრინავები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინის თავდაცვის ძალებმა „ლიპეცკის“ აეროდრომს შეუტიეს. თავდასხმის დროს დაზიანდა საწყობები მართვადი საჰაერო ბომბებით და რიგი სხვა ობიექტები აეროპორტის ტერიტორიაზე. გამოვლინდა აალების რამდენიმე წყარო, გაჩნდა დიდი ხანძარი და დაფიქსირდა მრავალჯერადი აფეთქება“, – აცხადებენ გენშტაბში.

გავრცელებული ინფორმაციით, აეროდრომზე თვითმფრინავების განადგურების შედეგები ჯერ კიდევ ზუსტდება.

გენერალურმა შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საზენიტო-სარაკეტო დივიზიებს შეუტიეს.

უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დარტყმა განხორციელდა რუსეთის სამხედრო აეროდრომზე, „ლიპეცკ-2“-ზე, სადაც რამდენიმე ათეული მოიერიშე თვითმფრინავი და ვერტმფრენი იყო განლაგებული და ასევე იყო საწყობები, სადაც 700-ზე მეტი მართვადი ბომბი ინახებოდა.

წყაროების ცნობით, უკრაინული დრონებით დარტყმის შემდეგ მოხდა ძლიერი აფეთქება, რამაც გამოიწვია ჯაჭვური აფეთქება და ფართომასშტაბიანი ხანძარი აეროდრომის დიდ ნაწილზე. ზოგიერთი წყაროს ცნობით, სამხედრო აეროდრომზე განლაგებული თვითმფრინავების უმეტესობას აფრენის დრო არ ჰქონდა.

banner
წინა სტატიაშითბილისში ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი ჩამოდის
შემდეგი სტატიააფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის რიგით მეორე საზაფხულო ბანაკი გაიხსნა