უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ, ფარული ოპერაციის შედეგებით, გამოავლინეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელშიც მოქმედი უკრაინის სახალხო დეპუტატები შედიოდნენ. გამოძიების მონაცემებით, ჯგუფის წევრები რეგულარულად იღებდნენ ქრთამებს მათთვის სასურველი კენჭისყრებისთვის უმაღლეს რადაში.
ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო იტყობინება. საქმის დეტალების გასაჯაროებას მოგვიანებით აანონსებენ.
„გამოძიების მონაცემებით, ჯგუფის წევრები სისტემატურ საფუძველზე იღებდნენ უკანონო სარგებელს უკრაინის უმაღლეს რადაში კენჭისყრებში მონაწილეობისთვის. დეტალები – მოგვიანებით“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
ამასობაში, დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ რადის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომიტეტის შენობაში. მან მინიშნება გააკეთა კომიტეტის თავმჯდომარის, დეპუტატ იური კისელის შესაძლო დაკითხვაზე, რომელიც ასევე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეა და პარტია „ხალხის მსახურის“ დნეპროპეტროვსკის ოლქის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
ადრე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ორი წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფარულად უსმენდა იური კისელის ოფისს – პრეზიდენტის ყოფილი პირველი დამხმარის, სერგეი შეფირის ახლო მეგობარს. დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკის თქმით, ეს მოსმენა არ უკავშირდება ოპერაციას „მიდასი“ ან მინდიჩის საქმეს.
„ეს სხვა მიმართულებაა, სხვა გამოძიება (თუნდაც სერია), პრეზიდენტის სხვა მეგობრები,“ – დაწერა ჟელეზნიაკმა.
როგორც ZN-ის წყაროები ამბობენ, ამ ოფისში „ხალხის მსახურის“ დეპუტატებს, სავარაუდოდ, კონვერტებში აძლევდნენ ფულს – დაახლოებით 5-დან 15 ათას დოლარამდე. ასევე, დეტექტივებმა ჩანაწერებში დაფიქსირეს კისელის და შეფირის არაერთი საუბარი.

















