,,უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის მიმართ დამოკიდებულება საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს”

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის მიმართ დამოკიდებულება კანონიკური პროცესების გათვალისწინებით, პირველ რიგში, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც უკრაინის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ამყარებს.

„მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ საკითხს განიხილავს. აღნიშნული საკითხის მიმართ დამოკიდებულება კანონიკური პროცესების გათვალისწინებით, პირველ რიგში, სწორედ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს. რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფო ეკლესიის საქმიანობაში არ ერევა. ჩვენ გვახარებს და მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც უკრაინის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ამყარებს. ამას არა მარტო დეკლარაციულად მივესალმებით, არამედ საქმითაც ვადასტურებთ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო პერიოდის განმავლობაში უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს არაერთხელ გამოუხატავს კონკრეტული ქმედებებით მხარდაჭერა.

„მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ დეკლარაციები, არამედ საქართველოს მიერ უკრაინასთან ერთად ინიცირებული მრავალი რეზოლუცია გაერო-ს ფორმატებში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, მისი თქმით, ამ საკითხზე პოზიცია გამოხატეს პრემიერ-მინისტრმა, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა პირებმა, პარლამენტარებმა.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ მივესალმებით და გვახარებს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფოებრიობას ამყარებს. უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და სტრატეგიულ პარტნიორთან ძალიან მნიშვნელოვანი ჩარჩო შეთანხმებები გვაერთიანებს და სტრატეგიულ ფორმატებში ვთანამშრომლობთ. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ არ გვახარებდეს ეს ფაქტი? ეს არის თავშეკავება? არ ვფიქრობ, რომ ეს თავშეკავებაა. ძალიან მკაფიოდ ვაფიქსირებ და მკაფიოდ ვაცხადებ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რაც შეეხება კითხვას, მიულოცა თუ არა უკრაინას ეკლესიის ავტოკეფალია ოფიციალურად საქართველოს საგარეო უწყებამ, მინისტრი ამბობს, რომ პროცესს აკვირდებიან.

„ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით. ძალიან მნიშვნელოვანია, მთავარი საკითხი ეკლესიის ფარგლებში უნდა გადაწყდეს. როდესაც მინისტრი ახმაურებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას, ეს ოფიციალური პოზიციაა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიბესელიასნაირი პოლიტიკოსები დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან სასამართლოს დამოუკიდებლობას – სერგო მეთოფიშვილი
შემდეგი სტატიაევროკავშირი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საქართველოს 3,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს