დღეს უკრაინამ ბელარუსს მოუწოდა, საერთო საზღვართან განლაგებული ჯარები გაიყვანოს. უკრაინული მხარის თქმით, ბელარუსს საზღვართან მნიშვნელოვანი რაოდენობის ძალები და აღჭურვილობა აქვს განთავსებული.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსი მოსკოვის წნეხის ქვეშ “ტრაგიკული შეცდომების” დაშვების საწინააღმდეგოდ გააფრთხილა.
სამინისტროს განცხადებაში უკრაინამ ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდა, “არამეგობრული ქმედებები შეწყვიტონ” და საზღვრის ზონიდან ჯარები გაიყვანონ.
უკრაინის თქმით, საზღვარზე ბელარუსს სპეციალური დანიშნულების ძალები და ყოფილი ვაგნერელები, ასევე ტანკები, არტილერია, საჰაერო თავდაცვის სისტემები და საინჟინრო აღჭურვილობა აქვს განლაგებული.
“უკრაინას არასდროს გადაუდგამს და არ გადადგამს არამეგობრულ ნაბიჯებს ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ”. – წერია სამინისტროს განცხადებაში.
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 18 აგვისტოს რუსულ ტელეარხ Россия 1-სთან საუბრისას თქვა, რომ უკრაინასთან მთლიან საზღვარზე სამხედრო ნაწილები განათავსეს.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ბელორუსის სამხედროების, ტანკების, არტილერიის, MLRS-ისა და საჰაერო თავდაცვის გარდა, უკრაინის დაზვერვამ დააფიქსირა რუსული Wagner-ის დაქირავებული ჯარისკაცების ყოფნა საზღვარზე.
ბელარუსის პრეზიდენტმა დაამატა, რომ ისკანდერის ტიპის სარაკეტო კომპლექსები ტაქტიკური ბირთვული რაკეტებით იერიშის მისატანად მზად არის და ბირთვული ქობინებით არის აღჭურვილი.
ლუკაშენკოს მტკიცებით, უკრაინამ საზღვართან 120 000 ჯარისკაცი განათავსა, რაზეც ბელარუსს საპასუხო რეაქცია ჰქონდა.