უკრაინიდან იარაღის სირიაში ან მექსიკაში მოხვედრის შესახებ ვიქტორია სპარცის განცხადება რუსეთის ნარატივს ემთხვევა -კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას თქმით, უკრაინიდან იარაღის სირიაში ან მექსიკაში მოხვედრის შესახებ ამერიკელი კონგრესმენის ვიქტორია სპარცის განცხადება რუსეთის ნარატივს ემთხვევა.

აღნიშნულის შესახებ დმიტრო კულებამ „ფორბსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მე არ ვსაუბრობ რთული სიტყვებით. ეს არის ნარატივი, ასი პროცენტით რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული. შემდეგ ქალბატონმა სპარცმა თქვა, რომ ეს იარაღი შეიძლება, აღმოჩნდეს სირიაში ან მექსიკაში. მესმის, რატომ. იმიტომ, რომ სიტყვა მექსიკა მუშაობს აშშ-ის საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით. მე არ მაქვს იმის მტკიცების საფუძველი, ავრცელებს თუ არა ის ამ ნარატივს შეგნებულად, თუ შეუგნებლად. მსურს, მკაფიოდ დავაფიქსირო ეს, მაგრამ ის, რომ მისი და რუსეთის ფედერაციის ნარატივი ერთმანეთს ემთხვევა, ეს ფაქტია, რომელიც ყველამ ნახა“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კულებას თქმით, დეზინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უკრაინისთვის პარტნიორების მიერ მიწოდებული იარაღი შესაძლოა, სხვა ქვეყნებშიც აღმოჩნდეს, გამოქვეყნდა იმ ქვეყნების მედიაში, რომლებსაც უკრაინა სამართლიანად მიიჩნევს რუსეთთან დაახლოებულად.

„შემდეგ გამოჩნდა ინტერპოლის დირექტორი, რომელმაც თქვა – თქვენ იცით, სხვა კონფლიქტების გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ასეთი რისკი არსებობს. შემდეგ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რუსეთის წარმომადგენელმა უკვე ოფიციალურად წამოწია ეს ამბავი. ანუ, ეს ამბავი გეგმაზომიერად გავრცელდა ბოლო ორი თვეა. ამას თავიდანვე ვხვდებოდი და გავაფრთხილეთ ჩვენი პარტნიორები, რომ რუსები გაქანებას მისცემდნენ“, – განაცხადა კულებამ.

banner
წინა სტატიაშიარსებობს გრიფით საიდუმლო ინფორმაცია, უსაფრთხოება, ტერორიზმი – პროკურორი გოგაშვილის საქმეზე
შემდეგი სტატიათბილისის მერი ვიზიტით ტაშკენტში იმყოფება