უკრაინელ კოლეგასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრე, შევთანხმდით, რომ ბევრი გაუგებრობის მოგვარება და გარკვევა შეიძლება ერთმანეთთან კომუნიკაციით – პაპუაშვილი

ბოლო დღეების განმავლობაში მქონდა ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან. ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, დღეს ასევე გვქონდა ონლაინ შეხვედრა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ბევრი გაუგებრობის მოგვარება და გარკვევა შეიძლება ერთმანეთთან კომუნიკაციით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელ კოლეგასთან საუბრისას ასევე განხილული იყო ევროკავშირის კითხვარის საკითხიც, პაპუაშვილის განცხადებით, კითხვართან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარება მოხდება.

„ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, მით უმეტეს დეზინფორმაცია 21-ე საუკუნეში არის არასაომარ მდგომარეობაშიც გამოწვევა, კრიზისების დროს განსაკუთრებით მოწყვლადია საზოგადოება სხვადასხვა არასწორი ინფორმაციის მიმართ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთმანეთთან გვექნება კომუნიკაცია და გავცვლით ინფორმაციებს. ვისაუბრეთ, ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით, რამდენად შეიძლება, რომ ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ, ვინაიდან მოკლე ვადა გვაქვს, განსაკუთრებით უკრაინისთვის, რომელიც ომში იმყოფება, განსაკუთრებული გამოწვევაა ამ კითხვარებზე მუშაობა. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ვიზიტზე და შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ამას ორგანიზაციულად გავივლით და მექნება ვიზიტი. რამდენიმე ფაქტორია, ჩვენ გვესმის, რომ უკრაინაში არის ომი, ვიზიტის ფორმატი არის სხვაგვარი, შესაბამისად, დელეგაციების ვიზიტიც არის მოკლევადიანი და შემჭიდროებული. დღეს მექნება შეხვედრა სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებთან და ამ ვიზიტისთვის დავაკომპლექტებ ჯგუფს, რომელიც იქნება ინტერპარტიული, რომ სხვადასხვა ფრაქციები იყვნენ წარმოდგენილნი. მაქვს გარკვეული მოსაზრებები ამაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ გენოციდთან დაკავშირებით მაკრონის პოზიცია გულდასაწყვეტია
შემდეგი სტატიამორგებში 1 500-ზე მეტი რუსი სამხედროს გვამია, წაღება არავის სურს – დნეპრის მერის მოადგილე