რუსეთი კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებს “შაჰედის” დრონებითა და “კინჟალის” ბალისტიკური რაკეტებით დაესხა თავს. თავდასხმის სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი უბნები იყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ რუსეთის ღამით განხორციელებული თავდასხმა შეაფასა, როგორც “ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მასიური კომბინირებული თავდასხმა”.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კიევში სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. მსხვერპლისა და ზარალის სრული ოდენობა ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია.
უკრაინის საჰაერო ძალებმა, ღამის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით სარაკეტო საფრთხე გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც რუსული აეროდრომებიდან MiG-31 ბომბდამშენები აფრინდა. რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც სასწრაფო დახმარების ჯგუფები ხანძარს აქრობდნენ და თავდასხმის მსხვერპლებს ეძებდნენ, რუსული MiG-31-ების გაშვებამ კიდევ ერთი ეროვნული ბალისტიკური რაკეტის განგაში გამოიწვია.
Kiev Independent-ის ჟურნალისტების ცნობით, აფეთქება კიევში თავდაპირველად დაახლოებით დილის 1:00 საათზე დაფიქსირდა, მომდევნო ერთი საათის განმავლობაში კი განმეორდა. ხელისუფლებამ კიევში ბალისტიკური რაკეტის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოსცა და განაცხადა, რომ ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემები მოქმედებდნენ.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ პეჩერსკის რაიონში რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა. მანამდე, Kyiv Independent-ის ჟურნალისტებმა უბანში დრონების აქტივობის შესახებ განაცხადეს. ერთ-ერთი სამიზნე 22-სართულიანი საცხოვრებელი შენობა იყო, რომლის რამდენიმე სართული დააზიანა.
ასევე, დნეპროვსკის რაიონში 9-სართულიან საცხოვრებელ შენობასაც გაუჩნდა ცეცხლი, შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის 86 წლის ქალი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე ხანძარი ლოკალიზებულია და მაშველები კვლავ ეძებენ სხვა მსხვერპლს, რომლებიც შესაძლოა შენობაში იყვნენ ჩარჩენილები.
სვიატოშნისკის რაიონზე დილის დარტყმის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ბილა ცერკვაში ოთხი სახლი “მთლიანად განადგურდა”, 14 წლის მოზარდი კი დაშავდა.
რაკეტებისა და დრონების აქტივობა ასევე დაფიქსირდა სხვა რეგიონებში, მათ შორის ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებში.
საჰაერო ძალების ცნობით, ერთ-ერთმა დრონმა თავდასხმის დროს, სავარაუდოდ, რუმინეთის საზღვარი გადაკვეთა.



















