“უკრაინასთან ურთიერთობებში პრობლემებს ოდესის გუბერნატორი ქმნიდა, მაგრამ ამას არ მოუხდენია გავლენა ორმხრივ ურთიერთობებზე”

უკრაინასთან ურთიერთობებში პრობლემებს ოდესის გუბერნატორი ქმნიდა, თქვენ მოგეხსენებათ მისი არაერთი დესტრუქციული განცხადება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, უკრაინა არის საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი.

„უკრაინაში რამდენიმე მინისტრის ორმხრივი ვიზიტი შედგა. რაც შეეხება უკრაინაში ჩემს ვიზიტს, ამაზე მე მიჭირს კომენტარის გაკეთება. ერთადერთი რაც მინდა გითხრათ არის ის, რომ უკრაინა არის ჩვენი უახლოესი ქვეყანა, ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და კიდევ ერთხელ საჯაროს ვადასტურებ ამას. პრობლემები ამ მიმართულებით იქმნებოდა, ამასაც არ ვმალავ და ქმნიდა ოდესის გუბერნატორი ამ პრობლემებს. თქვენ მოგეხსენებათ მისი არაერთი დესტრუქციული განცხადება, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში, არც ერთ მომენტში არ ასახულა საქართველოს მხარდაჭერაზე უკრაინასთან მიმართებაში, არც ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე. მე შემიძლია ათობით შემთხვევა მოგიყვანო, როდესაც ჩვენ ძალიან მკაფიო მხარდაჭერა გამოვხატეთ უკრაინის მიმართ. ჩვენ აქ თავის სამართლებელი არაფერი გვაქვს ნამდვილად. უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა არის უმნიშვნელოვანესი, ჩვენ ვართ ერთი დასავლური ოჯახის წევრი ორი ქვეყანა, რომლებსაც გვაქვს ერთი სტრატეგიული მიზანი ამიტომ ვერანაირად ვერ მივიღებ ამ კრიტიკას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინასთან მიმართებაში უხერხულობა იყო, მაგრამ ამას არც ერთ მომენტში არ მოუხდენია გავლენა ორმხრივ ურთიერთობებზე.

„ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის ყველა მომენტში იყო მკაფიო.“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძემ კითხვას, “არიან თუ არა ქვეყანაში პოლიტპატიმრები,” არ უპასუხა და სხდომათა დარბაზი დატოვა
შემდეგი სტატიაპატრიარქის შესახებ ბიოგრაფიული კრებული გამოიცა