უკრაინაში ვიზიტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სახელმწიფოებრივ დონეზე საქართველოსა და უკრაინას შორის არანაირი წინააღმდეგობა, დაპირისპირება არ არსებობს – ხელაშვილი

უკრაინაში ვიზიტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სახელმწიფოებრივ დონეზე საქართველოსა და უკრაინას შორის არანაირი წინააღმდეგობა, არანაირი დაპირისპირება, რაიმე გადაუწყვეტელი პრობლემა არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის მთავარი ამოცანა და მიზანი იყო უკრაინისთვის ქართველი ხალხის სოლიდარობის, მხარდაჭერის გადაცემა და აგრეთვე, იმ მცირედი პოლიტიკური გაუგებრობის აღმოფხვრა, რომელიც ბოლო ხანებში შეიქმნა.

„ეს იყო გაუგებრობა, რაც მოყვა საქართველოში უკრაინის ელჩის გაწვევით სპეკულირებას, შიდა პოლიტიკაში ამ თემის უადგილოდ გამოყენებას. ვფიქრობ, რომ ახლა ყველაფერი ცხადია. ჯერ ერთი ის, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა სოლიდარულია, მხარს უჭერს უკრაინის მთავრობას და ასევე ხალხს, რაც მთავარია. მეორე, ის, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. აქვე, წუხილით უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია კიდევ ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, კიდევ ერთხელ შეირცხვინეს თავი და ამ ძალიან უმნიშვნელოვანეს ვიზიტში არ ახლდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს. თქვენ გახსოვთ მათი წინა ქმედებები, როგორიც იყო რეზოლუციისთვის მხარდაჭერაზე უარის თქმა, მაშინ ეს ახსნეს რაღაც გარკვეული ფაქტორებით, ახლა ყოველ შემთხვევაში ამ ვიზიტში მონაწილეობას წინ არაფერი აღარ ედგა, მათ განმარტებაც კი არ გააკეთეს, რის გამო არ იღებდნენ ვიზიტში მონაწილეობას. სამწუხაროდ, ჩანს რომ მათი სიტყვები როგორც წესი ფუჭია და როდესაც საქმე საქმეზე მიდგება და ნამდვილ მხარდაჭერაზეა საუბარი, ისინი უკან იხევენ და იმალებიან. ეს იყო ძალიან სამწუხარო, თუმცა მთავარია, რომ ქართველი ხალხი ვის აზრსაც და დამოკიდებულებასაც გამოხატავს საქართველოს მთავრობა უკრაინას სრულად უდგას მხარში“, – განაცხადა ხელაშვილმა.

გიორგი ხელაშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტი საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან მნიშვნელოვანი გამოხმაურებით ჩატარდა.

„რაც შეეხება ცალკეული პოლიტიკოსების ვიზიტს, იქნება ეს მელია, სააკაშვილის დავალებით გამგზავრებული მარგველაშვილი თუ სხვები, ისინი არამცთუ ხალხის აზრს არ გამოხატავენ, არამედ საერთოდ პარლამენტშიც კი არ არიან წარმოდგენილი. ასე რომ ეს კიდევ ერთი ფუჭი გასროლაა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და არაფრისმთქმელია. ვინაიდან, მათი ვიზიტები, როგორც წესი, იკარგება ხოლმე იმ ყოველდღიურობის ხმაურში, არავის არ ახსოვს არასდროს. მაშინ როდესაც ეს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში და საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან მნიშვნელოვანი გამოხმაურებით ჩატარდა“, – განაცხადა ხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიორმხრივი შეხვედრა, რომელიც გაიმართა საქართველო-უკრაინის სპიკერებს შორის, ვფიქრობ, რაღაც დოზით ურთიერთგაგების გაუმჯობესებას ნიშნავს – მეგრელიშვილი
შემდეგი სტატიაუკრაინული მედიის ცნობით, ქალაქ ბორდიანკაში ნანგრევებიდან 41 ადამიანის ცხედარია ამოყვანილი