უკრაინაში ვიზიტი იყო უმნიშვნელოვანესი არა მარტო ხანმოკლე პერსპექტივაში, არამედ სამომავლოდ ქვეყნების ურთიერთობის ჭრილში – სერგეენკო

ვფიქრობ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ საკითხების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე დახურულია და თუკი დარჩა რამე საკითხი, უკვე პოზიტიური მოგვარების გზაზეა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა.

„ვიზიტის დაგეგმვის დროს ჩვენ გვქონდა მოლოდინები ორი მიმართულებით. პირველი, ეს იყო საქართველოს სოლიდარობის გამოხატვა უკრაინისადმი. მეორე, ეს მოგვცემდა საშუალებას, არსებული გაუგებრობები მოგვარებულიყო. შეხვედრის შედეგად, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა რადაში, უკვე ცხადად ჩანდა ნიშნები, რომ ამ შეხვედრამ ბევრი რამ შეცვალა დადებითისკენ. მათი განწყობა შეხვედრის დაწყებიდან დასასრულამდე მნიშვნელოვნად იყო შეცვლილი, ამიტომ ეს ვიზიტი თავისთავად იყო უმნიშვნელოვანესი არა მარტო ხანმოკლე პერსპექტივაში, ახლა სოლიდარობით, არამედ სამომავლოდ ქვეყნების ურთიერთობის ჭრილში. გაუგებრობების უდიდესი ნაწილი იქვე გაირკვა და ამოიწურა. თუ დარჩა რაიმე მიმართულება, მაგალითად სანქციების მხარდაჭერა-არმხარდაჭერის მიმართულებით, შალვა პაპუაშვილმა ძალიან მკაფიო და ცხადი განმარტებები გააკეთა, რაც მათთვის აბსოლუტურად გასაგები და მისაღები აღმოჩნდა. ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საკითხების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე დახურულია და თუკი დარჩა რამე საკითხი, უკვე პოზიტიური მოგვარების გზაზეა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

წინა სტატიაშიპესკოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთი დასავლეთთან არსებულ წინააღმდეგობას დაძლევს
შემდეგი სტატიაუკრაინაში დაღუპული ქართველი გმირი, ნიკა შანავა​ სამხედრო პატივით დაკრძალეს