უკრაინაში სპეცოპერაციის დროს, შეცდომით, ხუთი პოლიციელი მოკლეს

kieviუკრაინაში სპეცოპერაციის დროს, შეცდომით, ხუთი პოლიციელი მოკლეს, ვინაიდან სამართალდამცავთა ერთმა ჯგუფმა მიიჩნია, რომ საწინააღმდეგო მხარეს კოლეგების ნაცვლად, მძარცველები იყვნენ და მათ ცეცხლი გაუხსნა, ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

შემთხვევა კიევთან ახლოს მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა განმარტა, „სპეციალური პოლიციის” წარმომადგენლები კიევთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქში მძარცველთა დაჯგუფებას უთვალთვალებდნენ.

კრიმინალური საგამოძიებო დეპარტამენტის ორი წარმომადგენელი აკვირდებოდა მძარცველებს მაშინ, როდესაც „სპეციალური პოლიცია” ემზადებოდა კრიმინალური დაჯგუფების წევრების დასაპატიმრებლად.

ძარცვის შესახებ შეტყობინების შესვლის შემდეგ, ადგილზე „სახელმწიფო დაცვის სამსახურის” წარმომადგენლები მივიდნენ, რომელთა მოვალეობა ქონების დაცვაა. მათ კრიმინალური საგამოძიებო დეპარტამენტის ორი წარმომადგენელი მძარცველებად მიიჩნიეს და სწრაფად დააპატიმრეს.

„სპეციალური პოლიციის” წარმომადგენლებმა კი შეცდომით იფიქრეს, რომ თავიანთი კოლეგები მძარცველებმა დაატყვევეს და „სახელმწიფო დაცვის სამსახურის” წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს.

ორმხრივი სროლა „სპეციალურ პოლიციასა” და „სახელმწიფო დაცვის” ოფიცრებს შორის რამდენიმე წუთს გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა „სახელმწიფო დაცვის სამსახურის” ორი და კრიმინალური საგამოძიებო დეპარტამენტის ორი წარმომადგენელი , ასევე „სპეციალური პოლიციის” ერთი წევრი.როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ ჰერაშჩენკომ განაცხადა, ნამდვილი მძარცველები სროლის ხმის გაგონებისთანავე გაიქცნენ. მოგვიანებით, სამი მათგანი კიევში დააპატიმრეს. მათ, სავარაუდოდ, ბრალს წაუყენებენ არაერთი კრიმინალური დანაშაულისთვის.

როგორც პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „ტვიტერზე“ დაწერა, „ამ საშინელი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი გამოძიებით დადგინდება და ყველა დამნაშავე დაისჯება“.

banner
წინა სტატიაში(video) მერიის თანამშრომლებისათვის ჩაცმისა და სუფრასთან მოქცევის წესების შესწავალა თბილისის ბიუჯეტს 7 200 ლარი დაუჯდება
შემდეგი სტატიაvideo-ჩეჩნეთში მოცეკვავე სცენაზე გარდაიცვალა