უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს

A member of the Brazilian elite military police unit BOPE is followed by members of the French GIGN special forces, during the simulation of a hostage rescue operation, at their headquarters in Rio de Janeiro, Brazil, on June 25, 2015. AFP PHOTO / CHRISTOPHE SIMON

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

როგორც უკრაინული მედია წერს, საქართველოს მოქალაქემ 10 დღის წინ ორ უკრაინელ სპეცრაზმელს ესროლა და დაჭრა. იგი დღეს, კიევის ოლქში მდებარე ხოტიანოვკას დასახლებაში სამართალდამცველებმა მოკლეს. პოლიციის ცნობით, ისინი იმ სახლთან მივიდნენ, სადაც საქართველოს მოქალაქე იმალებოდა და დანებება მოსთხოვეს. საპასუხოდ კი მან ცეცხლი გახსნა.

„საპასუხო ცეცხლის დროს ის ლიკვიდირებული იყო“ – აცხადებენ პოლიციაში.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიების სახელმწიფო ბიურომ გამოძიება დაიწყო. გამომძიებლები სამართალდამცავების მხრიდან იარაღის გამოყენების კანონიერებას შეისწავლიან.

როგორც უკრაინის ეროვნულ პოლიციაში აცხადებენ, მოკლულის ვინაობა მათთვის ცნობილია და მას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის 22 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას ბრალად კრიმინალური ბანდის შექმნაში, ადამიანების გატაცებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ფლობაში ადანაშაულებენ.

არსებული ინფორმაციით, 1990-იან წლებში შოთა ჭიჭიაშვილი, გულუას სახელობის სპეცრაზმში მსახურობდა, საიდანაც არასათანადო ქცევის გამო გაირიცხა. ჭიჭიაშვილის დედა წარმოშობით ქისტია, პანკისის რაიონის სოფელ დუისიდან. სპეცრაზმიდან დათხოვნის შემდეგ ჭიჭიაშვილი, საცხოვრებლად პანკისის ხეობაში გადავიდა.

ამ დროიდან ჭიჭიაშვილი მოზრდილ კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ჭიჭიაშვილის ჯგუფი ადამიანის გატაცებითა და იარაღის უკანანო ვაჭრობით იყო დაკავებული. ჭიჭიაშვილის სახელს უკავშირდება არაერთი ხმაურიანი გატაცება. მათ შორის, ბრიტანელი ბიზნესმენის, პიტერ შოუს.

ასევე ჭიჭიაშვილის სახელს უკავშირებდნენ პეტრე ცისკარიშვილისა და მისი საცოლის გატაცებას 2001 წელს. ჭიჭიაშვილი სახელდებოდა ორი ესპანელი ბიზნესმენის ანტონიო ტრემილიოსა და ფრანცისკო როდრიგესის გატაცების ორგანიზატორად. კრიმინალებმა ესპანელი ბიზნესმენები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ესპანეთის მთავრობამ გამოსასყიდის სახით 2 მილიონი დოლარი გადაიხადა.

სხვადასხვა ინფორმაციით, ჭიჭიაშვილის სახელი ფიგურირებდა ნარკოტიკებით ვაჭრობის სქემაშიც. ჭიჭიაშვილს ახლო კავშირი ქონდა იმ დროს პანკისის ხეობაში მყოფ ჩეჩენ ბოევიკთა დაჯგუფებებთან. ჭიჭიაშვილის სახელი და გვარი გაისმა 2001 წლის მუხროვანის სამხედრო ამოხებასთან დაკავშირებით, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამ საკითხზე არ არსებობს.

2001 წელს ჭიჭიაშვილზე საქართველოში ძებნა გამოცხადდა, რის შემდეგაც მან საქართველოს ტერიტორია დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. ორი წლის შემდეგ ჭიჭიაშვილი მოსკოვში დააპატიმრეს. მაშინდელი რუსეთის ხელისუფლება ჭიჭიაშვილს ჩეჩენი ბოევიკის რუსლან გელაევში გაცვლას ითხოვდა, რომელიც იმ დროისთვის პანკისის ხეობას აფარებდა თავს.

საბოლოოდ რუსეთში დაპატიმრებული ჭიჭიაშვილი ქართულ მხარეს 2004 წელს გადასცეს. 2004 წელს ქართულმა სასამართლომ ჭიჭიაშვილს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის და ტერორისტული საქმინობისთვის 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საბოლოოდ ჭიჭიაშვილი საპატიმრო ვადიდან მხოლოდ 7 წელი მოიხადა.

2012 წლის ივნისს ჭიჭიაშვილი საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. ამის შემდეგ იგი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. სწორედ ჭიჭიაშვილის ასახელებდა მისი აფეთქების ერთ-ერთ ორგანიზატორად გივი თარგამაძე. დეპუტატი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ააფეთქეს.

დეპუტატმა, მისი აფეთქების საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა. თარგამიძის ინფორმაციით, მისი აფეთქებაში მონაწილე ერთ-ერთი პირი დიმიტრი აბრამიშვილი შოთა ჭიჭიაშვილის კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო და მასთან ერთად აფეთქების საქმეში ჭიჭიაშვილიც მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე – უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენი მთავარი არგუმენტი და დამხმარე საერთაშორისო თანამეგობრობაა
შემდეგი სტატიაწულუკიანი- სააკაშვილი უკვე მისი პარტიისთვისაც გახდა ტოქსიკური მოვლენა