უკრაინაში საქართველოს ელჩი: სააკაშვილს უკრაინაში ბრალდებულის სტატუსი არ აქვს და შესაბამისად, თხოვნა ექსტრადაციის შესახებ არ არსებობს

უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი აცხადებს, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებული ყველა ნორმა დაცულია.

„გასულ პარასკევს ჩვენი უფროსი მრჩეველი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ძირითადად საუბარი შეეხო დაკავების გარემოებებს; საუბარი იყო იმაზე, რომ ცხადია, დაცული უნდა იყოს მისი უფლებები, რაზეც უკრაინის მხარისგან გამოითქვა შესაბამისი თხოვნა და დარწმუნება, რომ ეს ასეც იქნება, რაც დადასტურებული იქნა, იგივე კონტექსტში იყო საუბარი ორშაბათს, როდესაც მე გადავეცი რწმუნებათა სიგელების ასლები მინისტრის მოადგილეს. მან ასევე, პირველ ყოვლისა, მადლიერება გამოხატა იმისთვის, რომ მოხერხდა კონსულის დაშვება მიხეილ სააკაშვილთან და ასევე, საუბარი შეეხო ისევ მისი უფლებების დაცვას, რაზეც ჩვენ კიდევ ერთხელ დავარწმუნეთ, რომ ცხადია, ჩვენთან დაცულია, როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებული ყველა ნორმა“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.

ამასთან, ელჩმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ დასმულა საკითხი სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე.

„ექსტრადიციაზე საუბარი ვერ იქნება, ვინაიდან ექსტრადიცია ითვალისწინებს დამნაშავის გადაცემას ფაქტობრივად. მის წინააღმდეგ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკრაინაში საქმე აღძრული არ არის. ზოგადად, არის საქმე აღძრული, თუ არ ვცდები, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით. პრესის ინფორმაციაა მხოლოდ, რომ დაწყებულია მოკვლევა ამ ფაქტთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამაზე ალბათ უკრაინის მხარეს უნდა მიმართოთ. მაგრამ მიხეილ სააკაშვილს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკრაინაში ბრალდებულის სტატუსი არ აქვს. შესაბამისად, არანაირი თხოვნა გადაცემის შესახებ, ექსტრადაციის შესახებ, როგორც დამნაშავის, უკრაინისთვის არ არსებობს და რამდენადაც მე მესმის, ვერც იქნება. შესაბამისად, ჩემი აზრით, ეს ფორმულირება და საკითხის დასმა არცთუ ისე სწორია“, – განაცხადა უკრაინაში საქართველოს ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: მიშა მაგას მოითმენს რამენაირად, მაგრამ ციხის ადმინისტრაციის ასეთი ქმედებები სად აისახება ვნახავთ
შემდეგი სტატიაჩარკვიანი: თქვენი მეგობარი საქართველო ყოფილი პრეზიდენტით დიდ განსაცდელშია