უკრაინაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის აღსანიშნავად საზეიმო მიღება გაიმართა

2016 წლის 26 მაისს, ქ. კიევში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის აღსანიშნავად საზეიმო მიღება გაიმართა. ამის შესახებ ,,თაიმერს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მიხეილ უკლებამ და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა, რომლებმაც ისაუბრეს ორ მეგობარ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე საქართველოს და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობაზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ორი ქვეყნის მოქალაქეები უკვე უახლოეს პერიოდში შეძლებენ ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას. მან ასევე აღნიშნა, რომ საერთო გამოწვევებთან გამკლავება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით.
მიღებაზე პოპულარული ორკესტრის „კიევ-კლასიკ“ სიმებიანმა კვარტეტმა სტუმრებისთვის შეასრულა ქართული და ცნობილი კლასიკური ნაწარმოებები.
საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ უკრაინის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, კიევში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მასმედიის, არასამთავრობო სექტორისა და უკრაინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ასევე უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი.

banner
წინა სტატიაშიპასუხი კორცხელის ამბავზე კანონის გამკაცრება არ არის – მიხეილ მაჭავარიანი
შემდეგი სტატიაგანათლების მინისტრი უკმაყოფილო სტუდენტებს პასუხობს