უკრაინაში სახელმწიფო ენის შესახებ კანონს ევროკავშირი გამოეხმაურა

ევროკავშირი ელოდება როდის გამოქვეყნდება კანონი ენის შესახებ, რომელიც 25 აპრილს უმაღლესმა რადამ მიიღო. “ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის პარლამენტმა ენის შესახებ კანონი მიიღო. ველოდებით მისი ფინალური ვერსიის გასაჯაროვებას, რომ მისი შინაარსი გავაანალიზოთ. ჩვენ არა ერთხელ აღვნიშნეთ, რომ უკრაინის მთავრობას ენის შესახებ კანონი მის ძალაში შესვლამდე ვენეციის კომისიისთვის უნდა გადაეგზავნა” – ევროკავშირის წარმომადგენელმა თქვა, რომლის სახელსაც უკრაინული მედია არ ასაჯაროვებს.

დღეს გავრცელდა, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი “უკრაინული ენის, როგორც სახელმწიფო ენად ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ”. კანონი პეტრე პოროშენკოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო.
კანონპროექტის ირგვლივ დიდი დისკუსია გაიმართა. მომხრეები ამბობდნენ, რომ ის უკრაინული ენის განვითარებას შეუწყობს ხელს, მოწინააღმდეგეები კი იმ პირების უფლებების დარღვევებზე აკეთებდნენ აქცენტს, რომლებმაც არ იციან უკრაინული ენა.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ვლადიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ კანონს შეისწავლის და გამოეხმაურება. “მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შევუდგები, კანონის საგულდაგულო ანალიზს გავაკეთებთ, რომ დავრწმუნდეთ, რომ უკრაინის ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლება დაცულია” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ზელენსკის პრეს-სამსახურმა გაავრცელა – “ბიბისი” წერდა.

კანონის ამოქმედების შემდეგ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ვალდებულია ძირითად ენად უკრაინული გამოიყენოს. რადგანაც უკრაინაში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის უკრაინული, შეიქმნება სპეციალური კურსები, სადაც მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ სახელმწიფო ენის შესწავლას.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ კანონის მიღებას დაუშვებელი უწოდა.

banner
წინა სტატიაშიენტონი ბერჯესის არქივში “მექანიკური ფორთოხლის” გაგრძელება იპოვეს
შემდეგი სტატია“ყვითელი ჟილეტების” საპასუხოდ მაკრონმა რეფორმების პაკეტი შეიმუშავა