უკრაინის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ სერჰი კორეცკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის შეცვლილ ტაქტიკასთან ადაპტაციის მიზნით, ქვეყანაში საფრთხის ორდონიანი — ყვითელი და წითელი სისტემა შემოვა, რომლებსაც განსხვავებული ხმოვანი სიგნალები ექნება.
ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ ბოლო პერიოდში რუსეთმა უკრაინის ქალაქების, განსაკუთრებით კიევის დაბომბვის ტაქტიკა შეცვალა — კრემლი მთელი დღე-ღამის განმავლობაში დრონების მცირე ჯგუფებს უშვებს, რის გამოც საჰაერო განგაშის სირენები პრაქტიკულად შეუჩერებლად მუშაობს.
ყვითელი დონე: ეფუძნება უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) დარტყმის საფრთხეს.
წითელი დონე: ითვალისწინებს სარაკეტო, მათ შორის ბალისტიკური თავდასხმების საფრთხესა და მასირებულ იერიშებს.
პრეზიდენტის თქმით, გენერალური შტაბი, თავდაცვის სამინისტრო და სამთავრობო უწყებები ყოველკვირეულად გადახედავენ ორივე დონის შესაბამის დეტალურ ინდიკატორებს. გარდა ამისა, გაიცა ბრძანება განგაშის უფრო მკაფიო გეოგრაფიული დიფერენცირების შესახებ, რათა სიგნალი ჩაირთოს მხოლოდ იმ კონკრეტულ არეალში, სადაც რეალური საფრთხე არსებობს.
ახალი სისტემის დანერგვასთან ერთად, დედაქალაქში იგეგმება გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება:
კიევში კომენდანტის საათის ხანგრძლივობა შემცირდება.
მეტროს მწვანე ხაზი (სირეცკო-პეჩერსკაია): ყვითელი განგაშის დონის დროს სრულად გააგრძელებს მუშაობას.
მეტროს წითელი ხაზი (სვიატოშინსკო-ბროვარსკაია): ვინაიდან მას გრძელი ღია მონაკვეთები აქვს, იმოქმედებს ძველი წესით, თუმცა შეჩერებების კომპენსირებისთვის დამატებითი სახმელეთო ტრანსპორტი დაინიშნება.
მეტროს ლურჯი ხაზი (ობოლონსკო-ტერემკოვსკაია): მთლიანად მიწისქვეშ გადის, შესაბამისად, მასზე მოძრაობა საჰაერო განგაშის დროს არც აქამდე წყდებოდა.
ახალი სისტემის ამოქმედების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.


















