გამოცემა Reuters-ის მიერ მოპოვებული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტი აჩვენებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელი დიპლომატების მობილიზებას იწყებს, რათა ლობირება გაუწიოს ძალისხმევას გაეროს რეზოლუციის წინააღმდეგ, რომელიც ვაშინგტონს კუბაზე ათწლეულოვანი ემბარგოს მოხსნისკენ მოუწოდებს.
დოკუმენტის მიხედვით, ძალისხმევის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კუბის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის დეტალებზე ინფორმაციასაც გაასაჯაროებს.
Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის კამპანიის ფარგლებში, ამერიკელი დიპლომატები სხვა ქვეყნებს ეტყვიან, რომ კუბის მთავრობა აქტიურად ეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ 5 000-მდე კუბელი მებრძოლის მეშვეობით, რომლებიც რუსული ძალების გვერდიგვერდ იბრძვიან.
გამოცემის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში წერია, რომ გაეროს არასავალდებულო რეზოლუცია, რომელსაც 1992-დან მოყოლებული გენერალური ასამბლეა დიდი უპირატესობით ყოველწლიურად იღებს, “არასწორად” სდებს ბრალს აშშ-ს კუბის პრობლემების გამო, რაც კუბაში არსებული “კორუფციითა და არაკომპეტენტურობითვეა” გამოწვეული.
















