უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 24 წლის ლევან ლოხიშვილი დაიღუპა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ დაღუპულის თანამებრძოლზე, ალექსანდრე როგავაზე დაყრდნობით იუწყება.
როგავას თქმით, ლოხიშვილი 19 ნოემბერს ხერსონის ოლქში რუსული თვითნაკეთი დრონის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
„ვმუშაობდით სადაზვერვო და სადამკვირვებლო პოზიციების მომზადებაზე. ერთი საათი ვიმუშავეთ და დრონის ხმა გავიგეთ, ე.წ. ხელნაკეთი დრონის. ცოტა ხანს დავიცადეთ, მაგრამ რაღაც მომენტში დრონი ლევანს დაეჯახა. ოთხნი ვიყავით. ლევანი ადგილზე დაიღუპა. კიდევ ერთ მებრძოლს დრონის ფრაგმენტი მოხვდა და დაიჭრა, მეორემ კი ტვინის შერყევა მიიღო“, – განაცხადა ალექსანდრე როგავამ.
ლევან ლოხიშვილი ოდესის 126-ე ბრიგადის 220-ე ბატალიონის მესამე ასეულის ჯარისკაცი იყო. ეს ჯგუფი ძირითადად მოხალისეებისგან შედგება. ლევანი უკრაინაში 2022 წლის 29 მარტს ჩავიდა. ერთი წლის შემდეგ გარკვეული დროით საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ 2024 წლის გაზაფხულზე ისევ უკრაინაში წასვლა გადაწყვიტა.
2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 74 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.