წარმოშობით ქართველი ილია ბუჩუკური, რომელიც უკრაინელთა წინააღმდეგ კურსკის ოლქში იბრძოდა, ლიკვიდირებულია. რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა მისი ფოტო შავი არშიით. ფოტოზე ბუჩუკური სრული საბრძოლო აღჭურვილობითაა წარმოდგენილი, მკერდთან კი აქვს წარწერა “ზა პაცანოვ” (რუსულ სამხედრო ჟარგონში “პაცან” მებრძოლი ახალგაზრდაა, უკრაინულად იგივეა “ხლოპცი”).
ფოტოზე გაკეთებული კომენტარების მიხედვით, ბუჩუკური უკრაინის წინააღმდეგ საომრად საქართველოდან წავიდა, ანუ არა რუსეთის, არამედ საქართველოს მოქალაქეა (ან ორმაგი მოქალაქეობა აქვს). ჯერჯერობით უცნობია, რომელი რეგიონიდან წავიდა ბუჩუკური ომში ან რამდენ ხანს იბრძოდა რუსი ოკუპანტების რიგებში.
ბუჩუკური არ არის პირველი ქართული წარმოშობის ბოევიკი, რომელიც უკრაინაშია ლიკვიდირებული. სულ ცოტა ხნის წინ, 21 მარტს უკრაინაში მოკლეს გიორგი ყამარაული, რომელიც ასევე, ოკუპანტების მხარეს იბრძოდა.
სხვათა შორის, უკრაინაში რუსების მხარეს იბრძვის ასევე კახა კალაძის დის ქმარი, რომელიც ამავდროულად, ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. ის ფრონტის წინახაზიდან საკმაოდ ხშირად პოსტავს, ხოლო ერთ-ერთ ბოლო პოსტში წერდა, რომ რუსი ოკუპანტები უკვე დნეპროპეტროვსკის ოლქს მიადგნენ, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს “ტრამპუშკად” მოიხსენიებდა.