უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინაში სამხედრო ცენტრებს შექმნიან

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინაში სამხედრო ცენტრებს შექმნიან. ამის შესახებ კირ სტარმერმა უკრაინაში მრავალეროვნული ძალების განთავსების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტარმერმა აღნიშნა აშშ-ისა და ევროპის ერთად მუშაობის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის ხელმძღვანელობით ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგში.

„ჩვენ უფრო ახლოს ვართ ამ მიზანთან, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ყველაზე რთული ნაბიჯები კვლავ წინ არის“, – აღნიშნა სტარმერმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის ლიდერი მზად არ არის მშვიდობისთვის.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ საპირისპირო. შემდგომი საშინელი დარტყმები უკრაინაზე, მოქალაქეების მკვლელობა და მილიონობით ადამიანისთვის ელექტროენერგიის გათიშვა ზამთარში“, – თქვა სტარმერმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში მრავალეროვნული ძალების განთავსების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დეკლარაცია ითვალისწინებს, რომ თუ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება დაიდება, ბრიტანეთი და საფრანგეთი სამხედრო ძალებს გაგზავნიან უკრაინაში. დეკლარაციის თანახმად, ეს ძალები იქნებიან მრავალეროვნული და იმოქმედებენ, რათა დაიცვან და გააძლიერონ უკრაინა. დეკლარაციის მიხედვით, ბრიტანეთი და საფრანგეთი დაეხმარებიან უკრაინას არმიის აღდგენაში და გააძლიერებენ ქვეყნის უსაფრთხოებას. ამასთან, ბრიტანეთი და საფრანგეთი შექმნიან სპეციალურ სამხედრო ბაზებს (ჰაბებს) უკრაინის სხვადასხვა რეგიონში და ამ ბაზებზე განათავსებენ იარაღსა და სამხედრო ტექნიკას უკრაინის თავდაცვის საჭიროებებისთვის.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში მრავალეროვნული ძალების განთავსების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
შემდეგი სტატიაგერმანია აიღებს პასუხისმგებლობას უკრაინისა და მთლიანად კონტინენტის უსაფრთხოებაზე