უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განცხადება გაავრცელა

უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განცხადებას ავრცელებს, რომელიც დღეს გამართულ ბრიფინგზე, მედიის წარმომადგენლებს, კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გააცნო.

„ღრმად ვართ შეშფოთებული აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევით, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზებით და კრემლის აგრესიული რიტორიკით. საფრთხის შემცვლელია რუსი მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებები, რომლებიც ძირს უთხრის, როგორც უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. საქართველოს და უკრაინას განსაკუთრებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან ერთად, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მიესალმება ნატო-სა და უკრაინას შორის ურთიერთობის გაღრმავებას და მხარს უჭერს შავი ზღვის რეგიონში ალიანსის გაზრდილ ჩართულობას, რომელსაც სტაბილურობის გარანტად მიიჩნევს.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მიმდინარე მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ, მთლიანად შავი ზღვის რეგიონს და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.

„მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააგრძელოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიისა და დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსზე ბოლო 24 საათში 1 486 პირი აიცრა, სულ ვაქცინირებულია 15 693 პირი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, საპასუხო გამოსვლები არ იქნება