უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიას შეუძლია წელიწადში 10 მილიონამდე დრონის წარმოება, იმ პირობით, რომ მას ექნება სათანადო დაფინანსება,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.
„ჩვენს ინდუსტრიას უკვე შეუძლია წელიწადში 10 მილიონამდე დრონის წარმოება. სათანადო დაფინანსებით, ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო თანამედროვე იარაღის წარმოება“, – აღნიშნა უმეროვმა.
მისი თქმით, სახელმწიფო მზადაა დაეხმაროს კომპანიებს უკრაინაში პარტნიორების მოძიებაში, ინვესტიციების მოზიდვასა და ერთობლივი საწარმოების შექმნაში. კერძოდ, ეს ეხება რამშტაინის ფორმატში თანამშრომლობას.
„რამშტაინის ფორმატში ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით იარაღის წარმოების ინიციატივამ უნდა გააერთიანოს უკრაინული ტექნოლოგიები პარტნიორების წარმოების შესაძლებლობებთან, რათა გაიზარდოს თავდაცვის ძალებისთვის საჭირო ყველაფრის წარმოება“, – ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.