უკრაინას კრეისერ “მოსკოვის” ჩაძირვაში აშშ-ის დაზვერვის ინფორმაცია დაეხმარა – მედია

რამდენიმე ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის დაზვერვამ მიაწოდა უკრაინას ინფორმაცია, რაც ქვეყანას რუსული კრეისერის, “მოსკოვის” ჩაძირვაში დაეხმარა.

ოფიციალურმა პირებმა ანონიმურად განაცხადეს, რომ უკრაინამ სთხოვა აშშ-ს ინფორმაცია გემის შესახებ, რომელიც ოდესის სამხრეთით მიცურავდა. აშშ-მ თქვა, რომ ეს იყო “მოსკოვი” და დაეხმარა უკრაინას მისი ადგილმდებარეობის დადასტურებაში, რის შემდეგაც უკრაინამ მას ორი რაკეტა ესროლა.

ოფიციალური პირების თქმით, აშშ-მ არ იცოდა, რომ “მოსკოვი” უკრაინის სამიზნე გახდებოდა ინფორმაციის მიწოდების შემდეგ.

პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ უარყო მედიის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ აწვდიდა ინფორმაციას უკრაინას ბრძოლის ველზე რუსი გენერლების ადგილსამყოფელის შესახებ, ასევე, “მოსკოვის” მიზანში ამოღების შესახებ. მისი თქმით, აშშ არ მონაწილეობს უკრაინელი სამხედროების გადაწყვეტილებაში, ვინ იქნება მათი სამიზნე.

“ჩვენ არ მიგვიწოდებია უკრაინისთვის კონკრეტული სამიზნე ინფორმაცია “მოსკოვის” შესახებ. არ ვმონაწილეობიდთ უკრაინელების გადაწყვეტილებებში გემზე დარტყმის შესახებ ან იმ ოპერაციაში, რომელიც მათ ჩაატარეს. ჩვენ წინასწარ არ გვქონია ინფორმაცია უკრაინის განზრახვის შესახებ გემის მიზანში ამოღებაზე”, – თქვა კირბიმ.

უკრაინამ აპრილის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ კრეისერ “მოსკოვს” ორი ნეპტუნის საზენიტო რაკეტა ესროლა. გემი ჩაიძირა. რუსეთმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი გემზე საბრძოლო მასალის აფეთქება იყო, რამაც ხანძარი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიასპინძაში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიათიბისისა და კომპანია „ფერის“ პარტნიორობის ფარგლებში, „ხობი 2 ჰესის“ გვირაბის გაყვანა დასრულდა