უკრაინას ყველაზე რთული ზამთარი ელოდება, ამისთვის უნდა მოვემზადოთ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ზამთარი ქვეყნისთვის ურთულესი იქნება.

მისი თქმით, შექმნილი ვითარების გამო, მთავრობისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრაზე ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებლად სპეციალური შტაბის შექმნის საკითხი განიხილეს.

“რასაც არ უნდა გეგმავდნენ ოკუპანტები, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ზამთრისთვის – ჩვენს სახელმწიფოში, ჩვენს მიწაზე, ყველა მოქალაქისთვის. დღეს განვიხილეთ გათბობის სეზონისთვის გაზის შესყიდვის, ქვანახშირის დაგროვების, ელექტროენერგიის წარმოების საკითხები. რუსეთის აგრესიის გამო შექმნილ ვითარებაში, ეს იქნება ყველაზე რთული ზამთარი დამოუკიდებლობის წლების მანძილზე. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს ყველაფერი ისე, რომ ჩვენმა ხალხმა იგრძნოს სახელმწიფოს ნორმალური მუშაობა. ამ დროისთვის ჩვენ არ გავყიდით გაზს და ნახშირს საზღვარგარეთ. მთელი შიდა წარმოება ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე იქნება მიმართული”, – ამბობს ზელენსკი.

მისივე თქმით, დაგეგმილია რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად განადგურებული თბოელექტროსადგურების აღდგენა.

“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია თბოელექტროსადგურების, კომბინირებული თბოელექტროსადგურების და საქვაბე სახლების სარემონტო პროგრამა. საუბარია იმ ობიექტებზე, რომლებიც დაზიანდა ან განადგურდა რუსული დარტყმების შედეგად. ამ პროგრამის განხორციელება უახლოეს თვეებში უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიმერკელი – ვიცოდი, პუტინი მოიმოქმედებდა რამეს, რაც არ იქნებოდა კარგი უკრაინისთვის, ამიტომ ვიყავი წინააღმდეგი, შედეგი იყო ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმაზე უარი, რამაც იმედი გაუცრუა საქართველოსა და უკრაინას
შემდეგი სტატიაევროპარლამენტი საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხზე დღეს დებატებს გამართავს