“უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება,” – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ ყოველკვირეულ გამოცემა Welt am Sonntag-ს განუცხადა და დასძინა, რომ უკრაინის შეჭრა რუსეთის კურსკის რეგიონში ლეგიტიმურია.
“უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, ეს უფლება საზღვარზე არ სრულდება,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.
NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის წინსვლა რისკის შემცველია, თუმცა კიევის გადასაწყვეტია, თუ როგორ განახორციელებს სამხედრო კამპანიას.
“[უკრაინის] პრეზიდენტმა [ვოლოდიმირ] ზელენსკიმ ღიად განაცხადა, რომ ოპერაცია მიზნად ისახავს ბუფერული ზონის შექმნას, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის შემდგომი თავდასხმები საზღვრიდან… როგორც ყველა სამხედრო ოპერაციას, ამასაც თან ახლავს რისკები, თუმცა უკრაინის გადასაწყვეტია როგორ დაიცვას თავი,” – განაცხადა მან.
კიევმა რუსეთის კურსკის ოლქში მნიშვნელოვანი ტრანსსასაზღვრო შეჭრა 6 აგვისტოს დაიწყო.