უკრაინამ რუსეთის ბრიანსკის ოლქში რუსული დრონების შენახვისა და გაშვების ბაზა დაბომბა.
ინფორმაციას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს:
“ჩვენ ვაგრძელებთ შორი მოქმედების სანქციების [დარტყმების] გამოყენებას რუსული ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ემსახურებიან ომის ძალისხმევასა და აგრესიის დაფინანსებას. წუხელ რუსეთში, სარატოვში, ფრონტის ხაზიდან 600 კილომეტრზე მეტ მანძილზე, ორი სტრატეგიული ობიექტი დაზიანდა: სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ენგელსის სამხედრო საჰაერო ბაზა.
კალუგის ოლქში დაზიანდა ლიუდინოვსკაიას ნავთობბაზის ცისტერნების ფერმა. ასევე ბრიანსკის ოლქში ჩვენმა მეომრებმა ზუსტად დაუმიზნეს დამრტყმელი დრონების შენახვის, მომზადებისა და გაშვების ადგილებს. მადლობა უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა მეომარს, რომლებიც აფართოებენ ჩვენს შორი მოქმედების შესაძლებლობებს და უზრუნველყოფენ ზუსტ შედეგებს. ჩვენ ომს ვაბრუნებთ იქ, საიდანაც ის მოვიდა”,-წერს ზელენსკი.

















