Euronews-ის ინფორმაციით, გდანსკში გამართულ „უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე“ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის პოლონეთი საუკეთესო მოდელია.
კლიჩკომ, რომელიც 1988 წლიდან აკვირდება პოლონეთის ტრანსფორმაციას, აღნიშნა, რომ ქვეყნის წარმატება და ცხოვრების ხარისხის ზრდა მისთვის შთამბეჭდავია. მისი თქმით, მიუხედავად დიპლომატიური დაძაბულობისა, პარტნიორებმა მომავალზე უნდა იფიქრონ.
„როდესაც პოლონეთში ჩამოვდივარ, შურის გრძნობა მეუფლება. პირველად საბჭოთა დროს, 1988 წელს ვიყავი და მახსოვს, რამდენად ღარიბი იყო პოლონეთი. დღეს ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, სადაც ინფრასტრუქტურაში უზარმაზარი ცვლილებები მოხდა. მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი ამის შესანიშნავი მაგალითია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზუსტად ის უნდა გავაკეთოთ, რაც პოლონეთმა გააკეთა“.
კიევის მერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში ინფორმაციული სიზუსტე და სიმართლე ისეთივე მნიშვნელოვანი იარაღია, როგორც სამხედრო ტექნიკა. კლიჩკომ დასძინა, რომ ზამთრის რთული პერიოდისთვის კიევის გათბობის სისტემის მოდერნიზაცია ინტენსიურად მიმდინარეობს, მიუხედავად ფინანსური და დროითი გამოწვევებისა.

















