13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

უკრაინამ „ლუკოილის“ ქარხანასა და „ტრანსნეფტის“ სადგურზე დარტყმები დაადასტურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მსხვილ ენერგეტიკულ ობიექტებზე მიტანილი შეტევები ოფიციალურად დაადასტურეს. იერიშები ვოლგოგრადისა და სამარის ოლქებში მდებარე ინფრასტრუქტურას შეეხო.

ვოლგოგრადში თავდაცვის ძალებმა დაარტყეს „ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკას“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, სადაც აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა. (აღნიშნულ საწარმოს, რომლის წლიური სიმძლავრე 15 მილიონ ტონაზე მეტია, უკრაინამ მიმდინარე წლის ივლისშიც შეუტია).

ხოლო სამარის ოლქის დასახლებულ პუნქტ პროსვეტში იერიში მიიტანეს საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურ „სამარაზე“, რომელიც სახელმწიფო კომპანია „ტრანსნეფტს“ ეკუთვნის და რუსეთში რეზერვუარების უმსხვილეს პარკს წარმოადგენს.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, ორივე ობიექტი რუსეთის საოკუპაციო არმიის მომარაგებაში მონაწილეობს, მსგავსი დარტყმები კი გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაციაა და მიზნად რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შესუსტებას ისახავს.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ რუსულ ესკალაციას შორსდამრტყმელი ზომებით პასუხობენ. მისი თქმით, ვოლგოგრადისა და სამარის გარდა, ეფექტიანი მოქმედებები განხორციელდა შავ ზღვაში, ასევე ნიჟნი-ნოვგოროდის, ვორონეჟისა და კრასნოდარის რეგიონებში — ადგილობრივ აეროდრომებზე, საწარმოებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, სარაკეტო-კოსმოსურ ცენტრსა და საბრძოლო მასალების საწყობებზე.

banner
წინა სტატიაში“ვიდეო პატიმრის ნათქვამს უფრო ადასტურებს, ვიდრე გამორიცხავს”- ნინო ლომჯარია
შემდეგი სტატიაუკრაინამ ახალი შუა დარტყმის კლასის დრონების წარმოება დაიწყა