უკრაინამ და მისმა ცხრა მოკავშირემ ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო ფარის შესაქმნელად ანტიბალისტიკური კოალიცია ჩამოაყალიბეს.
ათმა ქვეყანამ „ინტეგრირებული ანტიბალისტიკური თავდაცვის კოალიციის“ შექმნა ოფიციალურად გამოაცხადა. ელისეს სასახლის ოფიციალური ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალიანსის დამფუძნებელი წევრები არიან: უკრაინა, დანია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.
„ჩვენ, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები, ვაცნობიერებთ რა ბალისტიკური რაკეტების მხრიდან მზარდ საფრთხეს და თავდაცვითი შესაძლებლობების მზარდ მნიშვნელობას ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის, დღეს ვაცხადებთ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხებში ექსკლუზიურად თავდაცვითი კოალიციის შექმნის დაწყებას“ – ნათქვამია დეკლარაციაში.
„ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას მისი ფლაგმანური პროექტის მიმართ, რომელმაც სწრაფი ტემპით უნდა იმუშაოს რაკეტსაწინააღმდეგო პოტენციალის განვითარებაზე” – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
მონაწილე ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ევროპის დაცვა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას და ინტეგრირებულ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის არქიტექტურას. ეს სისტემა მიზნად ისახავს მომავალი სარაკეტო საფრთხეების შეკავებასა და დაძლევას კოლექტიური მუშაობის, ტექნოლოგიური ღიაობისა და საიმედო ინდუსტრიული თანამშრომლობის გზით.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ახალი ჩარჩო მჭიდროდ ითანამშრომლებს არსებულ უსაფრთხოების სტრუქტურებთან. დოკუმენტში განსაკუთრებული ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ევროპელი ლიდერები აღიარებენ იმ უნიკალურ ოპერატიულ გამოცდილებას, რომელიც უკრაინამ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიისგან თავდაცვისას შეიძინა.
ამ დეკლარაციის საფუძველზე, ევროპული ქვეყნები გეგმავენ ჩამოაყალიბონ: საერთო ოპერატიული მოთხოვნები, ერთობლივი ტექნიკური სამუშაო ჯგუფები, მართვის მკაფიო მექანიზმები, კონკრეტული საგზაო რუკა კოალიციის საწყისი ოპერატიული შესაძლებლობების მისაღწევად. ყველა ნაბიჯი განხორციელდება თითოეული ქვეყნის კონსტიტუციური ჩარჩოებისა და საერთაშორისო ვალდებულებების სრული შესაბამისად.

















