უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის ინფორმაცით, უკრაინამ და გერმანიამ ანტიბალისტიკური პროგრამის განვითარების შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
“უკრაინა და გერმანია ანტიბალისტიკური შესაძლებლობების განვითარების ახალ ეტაპს იწყებენ. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მიღწეული შეთანხმებების შესასრულებლად, ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ ანტიბალისტიკური პროგრამის განვითარებისკენ. „რამშტაინზე“, ბორის პისტორიუსთან ერთად, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ანტიბალისტიკური პროგრამის განვითარების შესახებ. ის ითვალისწინებს უკრაინული და გერმანული კომპანიების ერთობლივ მუშაობას თანამედროვე რაკეტა-გადამჭერების შემუშავებასა და წარმოებაზე.
ბალისტიკური რაკეტები უკრაინისთვის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხედ რჩება. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ანტიბალისტიკური გადაწყვეტილებების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ქალაქების, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ასევე ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას გერმანიაში უკრაინული მიწისზედა რობოტიზებული კომპლექსების, „ტერმიტის“ ერთობლივი წარმოების შესახებ.
პროექტის ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის, გერმანული მხარის დაფინანსებით, რამდენიმე ათასი მიწისზედა რობოტიზებული კომპლექსი (НРК) დამზადდება. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია პარტნიორებთან ერთად უკრაინული თავდაცვის ტექნოლოგიების მასშტაბირებისკენ.
მადლობელი ვარ გერმანიისა და ბორის პისტორიუსის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის, ანტიბალისტიკური პროგრამისა და იმ გადაწყვეტილებების მხარდაჭერისთვის, რომლებიც აძლიერებს უკრაინის თავდაცვასა და მთელი ევროპის უსაფრთხოებას. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ამ მიმართულების განვითარებაში გამოჩენილი ლიდერობისთვის”,-წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, მიხაილო ფედოროვი.

















