უკრაინის 47-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა „მაგურა“ ინფორმაციას ავრცელებს, რომ უკრაინამ 7-მილიონი დოლარის ღირებულების რუსული სადაზვერვო და დამრტყმელი იშვიათი დრონი „ორიონი“ გაანადგურა.
ბრიგადის განცხადებით, „ორიონი“ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური, საშუალო სიმაღლეზე მფრინავი უპილოტო აპარატია, მისი ღირებულება კი დაახლოებით 7 მილიონ დოლარს შეადგენს. ფრენის ჩაჭრა 47-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა „მაგურას“ საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფმა, Sky Wars-მა განახორციელა. ოპერატორებმა წარმატებით დააფიქსირეს რუსული დრონის ფრენის ტრაექტორია, ინტერცეპტორი დრონით დაეწივნენ მას და ჰაერშივე გაანადგურეს. სამხედროების თქმით, „ორიონის“ სიჩქარისა და ფრენის სიმაღლის გათვალისწინებით, ის ჩვეულებრივი ინტერცეპტორი უპილოტო აპარატებისათვის, როგორც წესი, მიუწვდომელ ზონაში იმყოფება.
„47-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა „მაგურას“ საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფმა, Sky Wars-მა, გაანადგურა „რუსული თავდაცვის ინდუსტრიის საოცრება“ – 7 მილიონ დოლარად შეფასებული „ორიონი,“ რომელიც თურქული ბაირაქტარის რუსული იმიტაციაა. ჩვეულებრივი ინტერცეპტორი დრონი მას ვერ ეწევა, თუმცა Sky Wars-ის პილოტებმა ეს შეძლეს“ – ნათქვამია ბრიგადის განცხადებაში.
კომპანია „კრონშტადტის“ მიერ შემუშავებული „ორიონი“ არის საშუალო სიმაღლისა და ფრენის დიდი ხანგრძლივობის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც განკუთვნილია როგორც სადაზვერვო, ისე დამრტყმელი მისიებისთვის. 47-ე ბრიგადის ინფორმაციით, ამ პლატფორმას შეუძლია გადაიტანოს:
• KAB-20 და KAB-50 ტიპის მართვადი საავიაციო ბომბები,
• Kh-50 ტიპის რაკეტები,
• ბარაჟირებადი საბრძოლო მასალა (კამიკაძე დრონები),
• რუსეთის ახალი ფრთოსანი რაკეტა S8000 „ბანდეროლი“.
















