უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, საზენიტო რაკეტების „მწვავე დეფიციტის“ გამო, კვირა ღამით რუსეთის მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული 23 ბალისტიკური რაკეტიდან არცერთის ჩამოგდება არ მოხერხდა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განხორციელებულ მეორე მასშტაბურ თავდასხმას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო კიევის ოლქში კიდევ 6 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, ნატო-ს სამიტზე მიიღონ „ძლიერი გადაწყვეტილებები“ უკრაინის საჰაერო თავდაცვით უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების მოგერიება შეძლეს, თუმცა ბალისტიკურ რაკეტებთან გამკლავება ვერ მოხერხდა.
პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში დააზუსტა, რომ კვირას რუსეთმა უკრაინაზე „მასიური თავდასხმა“ განახორციელა, რაც ჯამში 68 რაკეტასა და 351 დამრტყმელ დრონს მოიცავდა. საჰაერო ძალების ცნობით, მათგან 37 რაკეტისა და 326 დრონის ჩამოგდება ან განეიტრალება მოხერხდა.
„მოსკოვი მანამ გააგრძელებს საცხოვრებელ კორპუსებზე დარტყმებს, სანამ თავდაცვითი Patriot-ის რაკეტები ჩვენი მოკავშირეების საწყობებში რჩება“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ორშაბათს დილით კიევში მასშტაბური ნგრევის კვალი დაფიქსირდა. სამი დიდი საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ ჩამოინგრა, ზოგიერთ მათგანს კი რაკეტა პირდაპირ მოხვდა.
















