უკრაინის წარმომადგენელმა, რუსტემ უმეროვმა 18 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთთან ომის დასრულების საკითხზე აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები გაგრძელდება დავოსში, შვეიცარიაში, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინული დელეგაცია ამერიკელ პარტნიორებთან მუშაობს ომის დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებზე და აშშ-ს სრულ ინფორმაციას აწვდის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმებზე.
„ჩვენმა დელეგაციამ დღეს ანგარიში წარმოადგინა. რუსტემ უმეროვმა პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა. მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი უკვე გაიმართა. ისინი მუშაობენ. ისინი ომის დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებზე მუშაობენ. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინული გუნდი ამერიკულ მხარეს სრულად აწვდის ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაზე რუსეთის მუდმივი დარტყმების შესახებ,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
უმეროვის თქმით, ის კირილ ბუდანოვთან და დავით არახამიასთან ერთად ორი დღის განმავლობაში მუშაობდა შეერთებულ შტატებში, სადაც მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. უკრაინული დელეგაციის ვიზიტის მიზანი უსაფრთხოების გარანტიებსა და ეკონომიკურ შეთანხმებებზე მუშაობა იყო.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 19 იანვარს იწყება და 23 იანვრამდე გაგრძელდება.

















