„უკრაინა ნატოში სწრაფად მოხვდება და ნატოს წევრი ქვეყნების ყველა მოქალაქის ინტერესებშია“ – პეტრო პოროშენკო

პეტრო პოროშენკო ბელგიურ გაზეთ De Standaard-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე საუბრობს
„დღეს უკრაინა იცავს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგს და MAP იქნება ერთადერთი სწორი პასუხი პუტინის აგრესიაზე,“ – ამბობს პოროშენკო.
კითხვაზე, ეშინია თუ არა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უტოპიაა, პოროშენკო პასუხობს:
„არა, უკრაინა ნატოში უფრო სწრაფად მოხვდება, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ეს არა მარტო უკრაინის, არამედ, ნატოს წევრი ქვეყნების ყველა მოქალაქის ინტერესებშია.
მე ვამაყობ, რომ 2014 წლიდან ჩვენ შევქმენით ახალი უკრაინული არმია ახალი იარაღით და ნატოსთან ერთობლივი წვრთნებით. არავის ეგონა, რომ რეფორმა შესაძლებელი იყო. არავის სჯეროდა, რომ იქნებოდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი ან ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ გავწყვეტდით კავშირს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და გავხდებოდით დამოუკიდებლები“, – განაცხადა პოროშენკომ.
მისივე თქმით, უკრაინამ უკვე გადადგა ბევრი ნაბიჯი.
„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გვყავს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ძლიერი არმია ევროპაში. ჩვენ ვიღებთ მხარდაჭერას და იარაღს ალიანსის ქვეყნებიდან. ჩვენ ვიცავთ მთელ აღმოსავლეთ ფლანგს. უკრაინა მიიღებს წევრობის სამოქმედო გეგმას. ეს არის ერთადერთი სწორი პასუხი პუტინის აგრესიაზე. ვაჩვენეთ, რომ არ დავნებდებით მის შანტაჟს“, – ამბობს პოროშენკო.
„შეაჩერე პუტინი, შეაჩერე ომი. თუ არა, პუტინმა შეიძლება მომავალ წელს დააკაკუნოს ყველას კარზე. თქვენ გჭირდებათ უკრაინა, რომ დაიცვათ თქვენი ხალხი, თქვენი ქვეყანა და თქვენი ღირებულებები. გთხოვთ, მოგვცეს ეს სტატუსი, ჩვენ უკვე გავიარეთ ყველაზე რთული გამოცდა… გახსოვდეთ, რომ ჩვენი განცხადება ნატოში გაწევრიანებაზე ათასობით უკრაინელის სისხლშია დაწერილი“, – აღნიშნავს პოროშენკო.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – “ქართული ოცნება” ივანიშვილიდან დაწყებული ხელისუფლების ოფიციალური პირების ქმედებებით დამთავრებული ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირმა უარი გვითხრას
შემდეგი სტატიამთავრობის მეთაური სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ქალაქ ქარელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო