უკრაინა იმედგაცრუებულია ისრაელის მთავრობისგან მიღებული მატერიალური და დიპლომატიური მხარდაჭერის დონით – ზელენსკი

უკრაინა იმედგაცრუებულია ისრაელის მთავრობისგან მიღებული მატერიალური და დიპლომატიური მხარდაჭერის დონით, – ისრაელის მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ფაკულტეტის წევრებთან ონლაინშეხვედრაზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, დახმარების უმეტეს ნაწილილზე, რომელიც გვსურს, ისრაელისგან მივიღოთ, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ მივიღეთ ეს დახმარება. გთხოვთ, დაიმახსოვროთ, რამდენად მჭიდროდ ვართ დაკავშირებული, როგორია ჩვენი კავშირები და როგორი უნდა იყოს ჩვენ შორის ურთიერთგაგების დონე“, – განაცხადა ზელენსკიმ უკრაინაში გაზრდილ სიონისტ პიონერებზე საუბრისას, როგორიცაა პრემიერ-მინისტრი, გოლდა მეირი, მწერალი შოლემ ალეიხემი და პრეზიდენტი იცხაკ ბენ-ზვი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამწუხაროდ, უკრაინა ვერ ხედავს, რომ ისრაელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს შეუერთდა. ისრაელის მედია წერს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში, ისრაელი ცდილობდა, შეენარჩუნებინა კავშირები მოსკოვთან და ბოლო დრომდე უარს ამბობდა უკრაინაში თავდაცვითი ტექნიკის გაგზავნაზე, სამაგიეროდ, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა და საველე ჰოსპიტალი მოაწყო დასავლეთ უკრაინაში ექვსი კვირის განმავლობაში.

„რატომ გვაქვს გაუგებრობა, არასწორი კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან, არ ვიცი. მე მიყვარს თქვენი ქვეყანა. მადლობელი ვარ ისრაელის ხალხის. მადლობელი ვარ თქვენი გულწრფელი და ემოციური მხარდაჭერისთვის უკრაინის მიმართ, უკრაინელების მხარდაჭერისთვის. მადლობელი ვარ თქვენს ქუჩებში უკრაინის დროშებისთვის. ჩვენ ამას ვხედავთ და ძალიან ვაფასებთ. რუსი სამხედროები წვავენ ჩვენს ქალაქებს, ანგრევენ ყველაფერს. ქუჩებში ესვრიან ხალხს, აწამებენ, აუპატიურებენ არასრულწლოვნებს, ბიჭებსა და გოგონებს. მათ შექმნეს ფილტრაციის ბანაკები, სადაც აწამებენ ადამიანებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიირლანდიელმა პარლამენტარებმა დაადასტურეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისა და ამ პროცესში ქვეყნის შემდგომი ძალისხმევის მიმართ მხარდაჭერა
შემდეგი სტატიატყუილებს ფარდა აეხადა, აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ აკეთებდა ყველაფერს, რათა კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო – ვაშაძე