ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ ვილნიუსის სამიტზე არ განიხილავენ გაწევრიანების ოფიციალური მოწვევის საკითხს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი გრძელვადიანი დახმარება. ივლისში ვილნიუსის სამიტი საშუალებას მოგვცემს ჩამოვაყალიბოთ უკრაინის, როგორც ევროატლანტიკური ოჯახის დამოუკიდებელი და დემოკრატიული წევრის მომავლის ხედვა. სამიტზე მოკავშირეები განიხილავენ უკრაინის გაწევრიანების მისწრაფებებს. მოკავშირეები მუშაობენ უკრაინისთვის მრავალწლიანი დახმარების პაკეტის შექმნაზე. ისინი ასევე მუშაობენ ნატო-უკრაინის ახალი საბჭოს შექმნაზე, საერთო ინტერესის უსაფრთხოების საკითხების ერთობლივად განხილვის მიზნით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან აღნიშნა, რომ ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები უკრაინას ნატოსთან დააახლოებს.
„ვილნიუსის სამიტის დროს ჩვენ არ განვიხილავთ ოფიციალური მოწვევის საკითხს“, – აცხადებს სტოლტენბერგი.