უკრაინა არის ცხელ ომში, საქართველო არის ჰიბრიდულ ომში – პაპუაშვილი

უკრაინა არის ცხელ ომში, საქართველო არის ჰიბრიდულ ომში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების და ზოგადად, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს ჰიბრიდული ომი.

„ამ ჰიბრიდულ ომში ჩართულია რამდენიმე რადიკალური პარტია საქართველოში, მათი მედია და რამდენიმე ორგანიზაცია. ჩვენ ფაქტობრივად, ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა მართალია, არა ცხელი ომის პირობებში, მაგრამ საინფორმაციო ომის პირობებში. ეს არის მთლიანი, ასე ვთქვათ, დეზინფორმაციის ნიაღვარი, რომლის გაბათილებაც გვიწევს. დღესაც იყო რამდენიმე ასეთი ინფორმაცია ფრენებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, რაც საბოლოო ჯამში, ტყუილი აღმოჩნდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანი იყო სოლიდარობა.

„მას შემდეგ, რაც სტეფანჩუკმა მსოფლიოს პარლამენტებს მოუწოდა, რომ ჩასულიყვნენ, წინა დღეს იყვნენ პოლონეთის და ჩეხეთის თავმჯდომარეები, ერთად და ჩვენ ვიყავით მეორე დელეგაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა გავიგოთ პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ელჩის დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების სათანადო ქმედებებზე იქნება დამოკიდებული, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ერიდებოდა და ერიდება, იყოს კრიტიკული უკრაინის ხელისუფლების მიმართ, ვინაიდან ახლა მნიშვნელოვანია, უკრაინაში ომი დასრულდეს, თუმცა ბუნებრივია, არის საკითხები, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლებას რეაქცია უწევს.

„როდესაც მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან არის პირდაპირ მოწოდება საქართველოს მიმართ, რომ აქ მეორე ფრონტი გაიხსნას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ გავატარებთ, ვინაიდან ეს არის მთავარი რისკი, არა მარტო ჩვენი, არამედ მოლდოვის. ჩვენ და მოლდოვა ფაქტობრივად, ვართ ერთნაირ მდგომარეობაში. ჩვენ ვართ ორი უნიკალური ქვეყანა, რომლებსაც უსაფრთხოების კუთხით არ აქვთ ნატო-ს ქოლგა, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც სანქციების, თუ პოლიტიკური განცხადების კუთხით არიან ჩართული სოლიდარობის გამოხატვაში უკრაინის მიმართ. ჩვენ, ორი ქვეყანა უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ ისე, რომ არ გვაქვს ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა; ისე, რომ არ გვაქვს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის, თუ უსაფრთხოების და თანადგომის ქოლგა; ისე, რომ ორივე ქვეყანაში იმყოფება რუსეთის რეგულარული ჯარები ოკუპაციის სახით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაქსიმალურად სოლიდარული ვართ უკრაინის მიმართ და მხარს ვუჭერთ მას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო აგრძელებს ხელშესახებ პროგრესს ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დაცვის კუთხით – კორლატეანი
შემდეგი სტატიაკიევზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა