“უკეთესია წაიკითხონ და შეისწავლონ ეს საკითხი”- პასუხი საკრებულოს ოპოზიციას

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძემ კომენტარი გააკეთა დღეს “ენმ”-ს დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც შპს “პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენსისთვის” კრწანისში 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გადაცემას შეეხება, სადაც კომპანია 450 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ტყემალაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს ურჩია, უკეთესად წაიკითხონ მერიის მიერ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებები.

“2 ჰა მიწის ნაკვეთის არანაირი იჯარით გაცემა არ იგეგმება და არც ყოფილა დღის წესრიგში არასდროს. უკეთესია წაიკითხონ და შეისწავლონ ეს საკითხი, რომელიც საკრებულოში უკვე დიდი ხნის წინ შემოვიდა და განხილულია. არადა, ისინი აცხადებენ, რომ ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების პერიოდში აპირებს საკრებულო ამ საკითხის განხილვას. მკაფიოდ მინდა ვთქვა, თუ რაზეა საუბარი. თითო-თითო კვადრატული მეტრი, ექვსი მიწის ნაკვეთი დაკიდებული ბაღების მოსაწყობად პირდაპირი იჯარით ნამდვილად გადაეცა აღნიშნულ კომპანიას. ხოლო 2 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემაზე არასდროს ყოფილა საუბარი. უბრალოდ, ამ 6 კვადრატული მეტრის გადაცემის სანაცვლოდ თბილისის მერიამ და საკრებულომ კომპანიას ვალდებულება დაუყენეს, რათა 450 000 ლარის ინვესტიცია 2 ჰა მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობისთვის განახორციელოს”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ შპს “პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცს” მერიისგან მოთხოვნილი აქვს,15 წლის სარგებლობის უფლებით კრწანისში გამწვანებული სკვერის გადაცემა, სადაც 300 არაგველის მონუმენტი და გენერალ პეტრე ბაგრატიონის ძეგლი დგას. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია ტერიტორიაზე აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობის პირობას იძლევა, რომელიც ამ ეტაპზე პროექტში წარმოდგენილი არ არის.

banner
წინა სტატიაში“საქართველო ევროპაა და თანდათან ეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის სულ უფრო საგრძნობი გახდება”
შემდეგი სტატია“ციხეში რომ ჩაგვალპონ “მაესტროს” წილს არ გავყიდით”- მამუკა ღლონტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს