ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ ორი ადამიანი დააკავეს „დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადება-გამოყენების“ გამო. საუბარია შოკოლად „რაფაელოსა“ და „კინდერ შოკოლადს“, ყავა „იაკობს მონარქისა“ და სხვა პროდუქციის გაყალბებაზე.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებს თბილისში მოწყობილი ჰქონდათ „კუსტარული საწარმო“, სადაც „სისტემატურად“ ამზადებდნენ, ძირითადად, ტკბილეულსა და ყავას, რის შემდეგაც „ახდენდნენ აღნიშნული პროდუქციის „Raffaello”-ს და „Jacobs Monarch”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებას და რეალიზაციას“.
გამოძიებამ ამოიღო გასაყიდად გამზადებული:
🔸 10 000 ერთეულზე მეტი „Jacobs Monarch”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ერთჯერადი ყავა;
🔸 2 400 ერთეულზე მეტი „Raffaello”-ს სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ტკბილეული.
🔸 „Jacobs Monarch”-ის და „Carte Noire“-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ლენტები,
🔸 ვადაგასული ტკბილეული „Kinder Schokolade”, “Jacobs Monarch”-ის და „Raffaello”-ს ყუთები, ყალიბები, ბეჭდები და ამ პროდუქციის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.
გამოძიება მიმდინარეობს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადება-გამოყენების“ მუხლი.
ორივე ბრალდებულს, – ინიციალებით გ. ა. და ფ. დ. – ემუქრება 3-დან 5 წლამდე პატიმრობა.
– რადიო თავისუფლება –
















