უკანონო, აღმაშფოთებელი – მესამე სექტორის წარმომადგენლები შვილმოკლული მამების აქციაზე სამართალდამცველების ქმედებებს აფასებენ

შვილმოკლული მამების მიერ გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ აქციას, რა დროსაც, სამართალდამცავებმა სამი მოქალაქე დააკავეს და აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს, მესამე სექტორი ეხმაურება.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ აქციის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რაზეც პოლიციამ შესაბამისი რეაგირება მოხდინა.

თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ხელისუფლება შვილმოკლული მამების აქციის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას ცდილობს, რაც მათი პროტესტის მნიშვნელობის დაკნინებას ემსახურება.

„შს მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ პოლიცია პროვოკაციის ფაქტებზე რეაგირებს, იყო ამ საკითხის სამართლებრივი სფეროდან პოლიტიკურ სფეროში გადატანის მცდელობა, როდესაც მინისტრმა ის სამართლებრივი საფუძვლები და ლოგიკაც კი არ ახსნა, რაც ამ აქტების მიღმა იდგა,“ – განაცხადა მიქელაძემ.

პარლამენტის წინ გუშინდელი აქცია, რომ კანონშესაბამისი იყო, ამაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე. მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ კონსტრუქციების დადგმის აკრძალვის დროს, პოლიციელს უნდა განემარტა ის კანონი, რომლის შესაბამისადაც მოქმედებდა.

„გუშინდელი აქცია შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო აბსოლუტურად კანონშესაბამისი და საქართველოს კონსტიტუცია მათ შორის იცავს აქციის ფორმად კარვების გამოყენებას, დროებითი კონსტრუქციების გამოყენებას. პოლიციელი, როდესაც მოქმედებს და ითხოვს რაიმეს აკრძალვას, რაიმეს შეზღუდვას, პირველ რიგში, ის უნდა უთითებდეს კანონზე, რომლითაც აკრძალულია რაიმე მსგავსი კონსტრუქციის განთავსება და რა თქმა უნდა, ის ამას ასეთს ვერ მიუთითებს,“ – განაცხადა მშვენიერაძემ.

სამართალდამცავების ქმედებას აღმაშფოთებელს უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური. მისი თქმით, პოლიცია არაკანონიერად მოქმედებდა და შვილმოკლულ მშობლებს პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობას არ აძლევდა.

„პოლიცია პირდაპირ არღვევდა კანონს… მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის აღმაშფოთებელი. დღეს, ფაქტობრივად, სახელმწიფო ძალადობს ამ ადამიანზე და სახელმწიფო არ აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მისი უფლებები იყოს დაცული,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

შვილმოკლული მამები პარლამენტის წინ უკვე პოლიტიკური ხასიათის აქციებს იწყებენ. დღეს აქცია 7 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებული გიორგი ფანჯავიძე სასამართლო დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაუკანონო, აღმაშფოთებელი – მესამე სექტორის წარმომადგენლები შვილმოკლული მამების აქციაზე სამართალდამცველების ქმედებებს აფასებენ