უჯარმასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა შორის მცირეწლოვანი ბავშვია

უჯარმასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა შორის მცირეწლოვანი ბავშვია

პოლისაგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა შორის მცირეწლოვანი ბავშვია. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

უჯარმის ციხესთან ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ორი მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც, ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავდა.

როგორც საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს მენეჯერმა ლექსო სართანიამ განაცხადა, ამ დროისთვის საავადმყოფოში ავარიის შედეგად დაშავებული ორი მოქალაქეა მოთავსებული, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მისი თქმით, დაშავებულებს კიდურებისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებები აღენიშნებათ. ერთ-ერთს კი, გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს მენეჯერის განცხადებით, ავარიის დროს დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვი საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება
შემდეგი სტატიაბატალიონი “აიდარი” შეტევაზე გადავიდა და რუსეთის საზღვართან მივიდა