უილსონი: “ოცნებამ” ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე ამერიკული კომპანიების შეთავაზება უარყო

“ქართულმა ოცნებამ” 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ამერიკასთან ასოცირების კრიმინალიზაცია სწრაფად დაიწყო, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, ჯო უილსონმა “მეგობარი აქტის” განხილვისას განაცხადა.

კონგრესმენმა სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე ამერიკული კომპანიების შეთავაზება უარყო და “აშშ-ს მიერ 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ყველა მსხვილი სამშენებლო კონტრაქტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ან ჩინეთის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს გადასცა”.

155 დღეზე მეტია, რაც თავისუფლების მოყვარული საქართველოს ხალხი მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში თავისი ერის მომავლისა და სულის დასაცავად.

ისინი შეერთებული შტატების დროშებში არიან გამოწყობილები და ჩვენი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პლაკატებს დაატარებენ, რაც თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი მათი სიყვარულისა და თანაგრძნობის გამოხატულებაა.

მათი ნება ნათელია. ისინი არ დაუშვებენ, რომ კორუმპირებული ბიზნესმენის უკანონო რეჟიმმა მათი ქვეყანა დაანგრიოს…

2020 წელს მქონდა ბედნიერება, მაშინ კომიტეტის თავმჯდომარის, ამჟამად კი [წარმომადგენელთა პალატის] სპიკერის, მაიკ ჯონსონის ხელმძღვანელობით, „რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის“ (RSC) ანგარიშში უსაფრთხოების შესახებ წარმედგინა, სადაც გამოვედი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებით. რესპუბლიკელები ჯერ კიდევ მაშინ ხედავდნენ საფრთხეს, რომელსაც მაშინ ეს ავაზაკი და მისი მეგობრები ქმნიდნენ.

„ქართულმა ოცნებამ“ სწრაფად დაიწყო ამერიკასთან ასოცირების კრიმინალიზაცია 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. მან უარყო ამერიკული კომპანიების შეთავაზება სტრატეგიული ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ მიერ ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ. აშშ-ს მიერ 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ყველა მსხვილი სამშენებლო კონტრაქტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ან მასთან აფილირებულ კომპანიებს, ანუ ჩინეთის კომუნისტური პარტიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებს გადაეცა.

ეს ბლოკავს ამერიკის „შუა დერეფნიდან“ და უწყვეტს კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებზე წვდომას ცენტრალურ აზიაში, რომლის შემადგენელ ქვეყნებსაც ასევე სურთ იყვნენ ამერიკისა და დასავლური ცივილიზაციის მეგობრები. რეჟიმი ყოველდღიურ ანტიამერიკულ პროპაგანდას ეწევა და აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპს, ასევე, სენატის საგარეო საქმეთა თავმჯდომარეს, პატივცემულ ჯიმ რიშს, ადანაშაულებს კორუფციაში და „დიპ სტეიტის დაქვემდებარებაში“. სულ რაღაც გასულ კვირას მთავრობის წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა, რომ დონალდ ტრამპი სახელმწიფოს იარაღი იყო…

ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ ავაზაკებისათვის, მათი უკანონო ქმედებების გამო. იგი ასევე ითვალისწინებს ორმხრივი კავშირების გაძლიერებას მას შემდეგ, რაც საქართველო დაუბრუნდება თავის კონსტიტუციის ვალდებულებებს“. – განაცხადა ჯო უილსონმა.

banner
წინა სტატიაში“MEGOBARI ACT”-ი საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიულ მდგომარეობაზე პასუხს წარმოადგენს – ჯონი ოლსზევსკი
შემდეგი სტატიააშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა