საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებსა და ფინანსურ სანქციებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ სანქციები გარკვეულწილად გაფრთხილებაა, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, მეტი საპასუხო ქმედება იქნება.
ის საქართველოში არსებულ ვითარებას ბელარუსს ადარებს და შეშფოთებას გამოთქვამს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.
“ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მხოლოდ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ბელარუსს შევადარებდი [ახლანდელ სიტუაციას]. მაგრამ ახლანდელი საქართველოს ლიდერები უფრო მტრულად არიან განწყობილი დასავლეთის, ევროპისა და ამერიკისადმი. ამიტომ შეშფოთებული ვარ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და იმის გამოც, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა გააყალბონ. […]
გარკვეულწილად, ეს [სანქციები] არის გაფრთხილება, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებენ, მაშინ მეტი საპასუხო ქმედებაც იქნება”, – ამბობს უილიამ კორტნი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს “დემოკრატიის ხელყოფისთვის” სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი – ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.