უგულავა:დაირღვა ჩემი გადაადგილების კონსტიტუციური უფლება, ეს არის კლასიკური პუტინის რუსეთის ქმედებები, რაც სამწუხაროდ ჩვენმა ხელისუფლებამ მთლიანად გადმოიღო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, დღეს ის საზღვარზე არ გაატარეს, მიუხედავად იმისა, რომ მას არანაირი სამართლებრივი შეზღუდვა არ ჰქონდა.
უგულავამ აღნიშნა, რომ ამგვარი ფაქტები გახშირდა და ასე ექცევიან ყველა ოპოზიციურად განწყობილ ლიდერსა და აქტივისტს.
უგულავას თქმით, ასე მოქმედებს პუტინის რუსეთის რეჟიმი, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ მთლიანად გადმოიღო.
„უკვე მერამდენე შემთხვევაა, მე პირადად მხვდება ასეთი რამ, დღეს დილით აეროპორტში, აბსოლიტურად ყველა კანონის დაცვით, პასპორტით, კოვიდ ტესტითა და ყველა შესაბამისი საბუთით ვიყავი აღჭურვილი, მაგრამ საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მომცეს, ერთი საათი ველოდე, რის შემდეგაც განმიცხადეს, რომ ვერ გავფრინდებოდი.
ბუნებრივია, ადგილზე შსს განმარტებებს არ და ვერ იძლევა, მაგრამ როგორც გავარკვიე, არის ბაზა, რომელშიც არის აბსოლიტურად ყველა ოპოზიციის ლიდერი, ვინც გაგიგიათ და არ გაგიგიათ, ყველა ადამიანი, ვისზეც ოდნავ რამე საქმეა აღძრული, იმ ბაზაში ხარ და დილის 6 საათზე ვერავის ვერ აღვიძებენ, ასეა სისტემა აწყობილი, რომ გაიგონ ამ ადამიანს მართლა აქვს შეზღუდვა, თუ შეუძლია გადაადგილება.
მე ბოლო შეზღუდვა სასამართლომ მომიხსნა მაშინ, როდესაც ვიყავი პატიმრობაში უკანონოდ, საზოგადოებას ალბათ ახსოვს ჩემი ბოლო ინციდენტი აეროპორტში, როდესაც თავს დამესხა ქართული ოცნების ზონდერი, ვინმე გავაშელიშვილი, მაშინ მე დამაბრალეს მისი ცემა და ჩამომართეს ქვეყნიდან გასვლის უფლება. მას შემდეგ, რაც მე ივანიშვილის რეჟიმმა დამაპატიმრა, ეს შეზღუდვა მოხსნილია და დღეს მე არანაირი შეზღუდვა არ გამაჩნია.
მიუხედავად ამისა, დაირღვა ჩემი კონსტიტუციური უფლება გადაადგილების და რაც მთავარია ასე ხდება ხშირად, 10 დან 9 შემთხვევაში, მინიმუმ 10 წუთი, 15 წუთი და ა.შ ალოდინებენ, რადგან არსებობს რაღაც ბაზა, რომელშიც დივერსიფიცირებულიც კი არ აქვთ, ადამიანს აქვს თუ არა გასვლა-არ გასვლის უფლება.
ასე იქცევა პუტინის რეჟიმი, ეს არის კლასიკური პუტინის რუსეთის ქმედებები, რაც სამწუხაროდ ჩვენმა ხელისუფლებამ მთლიანად გადმოიღო და ასე ექცევა განვავებულად მოაზროვნე ადამიანებს.
მინდა ოფიციალურად მივმართო შსს-ს და პროკურატურას, თქვენი პრეს-სამსახურის საშუალებით საზოგადოებას აუწყეთ, მაქვს თუ არა მე რაიმე შეზღუდვა საზღვრის გადაკვეთის, კანონიერი სასამართლოს მიერ დადგენილი.“ – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: „ქართული ოცნება“ ერთ პარტიულ პარლამენტში გააგრძელებს მუშაობას
შემდეგი სტატიაამერიკის კონგრესში გიგი წერეთლის ეუთოს-ს საპარლამენტო ასამბლეაში საპრეზიდენტო საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა