უგულავა – სადღესასწაულო ნაძვის ხე არ არის ის ფორმატი, სადაც საქმიანი საუბარი შედგება და ამის მოლოდინი არც არის

ამ შემთხვევაში, ნაძვის ხეზე არც წასვლით და არც წაუსვლელობით არაფერი დაშავდება, – ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სასახლეში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიწვევის საკითხს.

უგულავას თქმით, დღეს საღამოს, პრეზიდენტის სასახლეში არ იგეგმება შეხვედრა, დღეს საღამოს არის საახალწლო მიღება, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ესწრება, ნაწილი არ ესწრება.

მისი აზრით, ორივე პოზიციას აქვს არგუმენტი.

„ის, ვინც არ მიდის, არ მიდის არა ბოიკოტის გამო, არამედ იმის გამო, რომ სადღესასწაულო ნაძვის ხე არ არის ის ფორმატი, სადაც საქმიანი საუბარი შედგება და ამის მოლოდინი არც არის, ქალბატონმა სალომემ თქვა კიდევაც, ეს, უბრალოდ, ნაძვის ხე არის.

მეორე მხარე, ვინც მიდის, იმის არგუმენტია, რომ რაღაცნაირად ყინული თუ გინდა დაიძრას და შემდეგი იყოს ლაპარაკი, მანამდე ხელი უნდა ჩამოართვა. ამ არგუმენტსაც აქვს არსებობის უფლება. ამიტომ, ჩვენ გუშინ, შევთანხმდით, რომ ეს იქნებოდა თავისუფალი რეჟიმი. ამ შემთხვევაში, ნაძვის ხეზე არც წასვლით და არც წაუსვლელობით არაფერი დაშავდება. თავად პროცესს რაც შეეხება, ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება ერთადერთი ის სიტყვა იყოს, რომელიც ამ შემთხვევაში რელევანტურია, იმიტომ, რომ ჯერ ჩვენ არ ვიცით, რა გეგმა აქვს ქალბატონ სალომეს, რა უნდა, ეყოფა თუ არა მას პოლიტიკური წონა იმისთვის, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ზოგადად, განზრახვა საჭირო და დროულია, იმიტომ, რომ ყველა ვხედავთ, რომ უფსრკულის წინაშე დგას ქვეყანა”, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიინვალიდიზაციის საფრთხე – ჯიშკარიანი სააკაშვილთან ნევროლოგების კონსილიუმის მოწვევას ითხოვს
შემდეგი სტატიაჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს