უგულავა – საბჭოთა მნიშვნელობით, სააკაშვილი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს, 80-იან წლებში დისიდენტები რომ გადაჰყავდათ, მერე ფსიქოლოგიურად რომ გაეტეხათ

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „საბჭოთა მნიშვნელობით, ფსიქიატრიულში გადაიყვანეს“.

როგორც უგულავამ იუსტიციის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი არაადამიანური მოპყრობის მიღმაა.

„საბჭოთა მნიშვნელობით, ფსიქიატრიულში გადაიყვანეს, 80-იან წლებში დისიდენტები რომ გადაჰყავდათ, მერე ფსიქოლოგიურად რომ გაეტეხათ. იქ მას დახვდა სანიტრის ფორმაში გადაცმული კრიმინალები. იმის მაგივრად, რომ 40-დღიანი ნაშიმშილარი ადამიანი უკეთეს პირობებში გადაეყვანათ, რასაც ადამიანის ორგანიზმი ითხოვს და ადამიანის უფლებებიც ავალდებულებს ამ ნაძირლებს, გადაიყვანეს გაცილებით უფრო მძიმე პირობებში. წარმოიდგინეთ, როცა ხელის გაწვდენაზე არიან კრიმინალები, რომლებიც რასაც უნდათ ციხის ადმინისტრაცია დაავალებს და აყვირებს. როგორც აქ ღობეა და იმის იქეთ სამედიცინო დაწესებულება არ არის, ასეა გლდანის ციხეც. იმას შეიძლება მხოლოდ ფსიქიატრიული ეწოდოს, სადაც ადამიანები მიჰყავდათ ფსიქოლოგიური ტერორისთვის და გატეხისთვის. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ სიტუაცია კატასტროფულია და ყოველ დღეს ექნება მნიშვნელობა, მეორე მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ადამიანი არის არაადამიანური მოპყრობის მიღმა. თუ ის ადამიანი უძლებს, ჩვენც უნდა გავუძლოთ, ის ადამიანი უძლებს უბედურებას, ჩვენ იმის მეათედს მაინც გავუძლოთ. ვინც ბრძოლისთვის არის მზად, იმ ადამიანებმა უნდა ვზიდოთ ტვირთი მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. გაიღვიძებს ახლა ციხე და დაიწყება ზუსტად იგივე, რაც გუშინ გააკეთეს. ამათ „ტორმუზი“ არ აქვთ ხალხო, ამათი „ტორმუზი“ იქნებით თქვენ – იქნებით ბევრნი, იქნებით, დარაზმულნი, იქნებით შეუპოვარნი და გატყდებიან! ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ – თუ ხალხი აწვება, მაშინ ბოლოში ტყდებიან! ოღონდ ეს არ იქნება ერთი ან ორი დღე. კაცმა 40 დღე იშიმშილა და შეიძლება მომდევნო 40 დღე უარეს ჯოჯოხეთში ამყოფონ“, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიფოთის N 17 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას სრული რაებილიტაცია უტარდება
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძე – როგორ ვერ ფიქრობს დასავლეთი/ამერიკა, რომ ასეთი გაუფასურებული დასავლური იდეა, მთავარ ღირებულებას და ბერკეტს ართმევს ხელიდან ჩინეთთან კონკურენციაში