უგულავა „ფულის გათეთრების“ საქმეზე – სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს საქმე არის აბსურდი

სამართლებრივი თვალსაზრისით ეს საქმე არის აბსურდი. საერთაშორისო ნეიტრალურმა ექსპერტებმა, სახალხო დამცველმა, ყველა ოდნავ პატივსაცემმა იურისტმა აზრი გამოთქვა, რომ ის, რასაც პროკურატურა ამ ადამიანებს ედავება, არის თითიდან გამოწოვილი და არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის პროცესი მიმდინარეობს.

უგულავას თქმით, საქმეში არ არსებობს ასევე დაზარალებული და საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია.

„პოლიტიკურია იმ ნაწილში, რომ მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი შეტევა დემოკრატიაზე, ეს არ არის მარტო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე. პარალელურად ვხედავთ შეტევას „ტვ პირველზე”, „ფორმულაზე”, „მთავარ არხზე” და მის დამფუძნებელ, ნიკა გვარამიაზე. ეს არის ფართო​მასშტაბიანი შეტევა დემოკრატიაზე, როდესაც დამოუკიდებელი მედია შეტევის ქვეშ არის, როდესაც ოპოზიცია შეტევის ქვეშ არის. შეიძლება ერთი ოპოზიციონერი იყოს უვარგისი ან დამნაშავე, შეიძლება ორი იყოს, მაგრამ როდესაც აბსოლუტურად ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი სისხლის სამართლებრივ დევნას განიცდი, ზოგი ციხეშია, ზოგი დევნაშია, ზოგს ახლა ემუქრება ციხე ე.ი. ამ ქვეყანაში რაღაც ხდება, დემოკრატიას ებრძვიან.

დემოკრატიას ებრძვის ის, ვინც დემოკრატიას უნდა იცავდეს, ვგულისხმობ ხელისუფლებას „ქართულ ოცნებას” , სასამართლოს, რომელიც თავიდან ბოლომდე ჯიბის სასამართლოდაა გადაქცეული. ნუ გვექნება მიამიტური მოლოდინები, რომ ვიღაც გადაწყვეტს ივანიშვილის კარზე ან თვითონ ივანიშვილი, რომ დამოუკიდებელ სასამართლობანას ითამაშებენ. აქ, ყველა შემთხვევაში უკვე არის გადაწყვეტილება დაწერილი“, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – პრეზიდენტის რეზიდენციაში მისვლაზე უარი „ნაციონალური მოძრაობის“ ფარისევლობას ადასტურებს
შემდეგი სტატიაიოსელიანი – გაუგებარია, პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვდე და ღონისძიებაზე მისვლაზე უარს ეუბნებოდე