უგულავა მიხეილ სააკაშვილს – ხეზე ასვლა რომ გცოდნოდათ, უკვე ჩამოხვიდოდით – „ტურფა საბაღნარო” თქვენ მიატოვეთ… ფატალური შეცდომა დაუშვით, როცა ბრძოლის ველი მიატოვეთ

თქვენი ყოველი გამოჩენა ცისფერ ეკრანებზე ივანიშვილის გაბანკროტებული რეჟიმის მაშველი რგოლია, რადგან მხოლოდ შურისძიებას და ეგოიზმს ასხივებთ, – ასე მიმართავს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ არის „ვარდების რევოლუციის“ იდეების და რეფორმების გამგრძელებელი განსხვავებით იმ მლიქვნელი ოპორტუნისტებისა, რომლითაც დღეს სავსეა „ნაციონალური მოძრაობა“.

„ევროპული საქართველო“ ნამდვილად არ წარმოგადგენთ თქვენ. ეს მართალია. თუ რამე ერთმანეთისგან გვისწავლია, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მხოლოდ მადლობას გეტყვით. ხეზე ასვლა რომ გცოდნოდათ, უკვე ჩამოხვიდოდით. „ტურფა საბაღნარო” თქვენ მიატოვეთ, ეს ფაქტია და კარგია, რომ ეს კომპლექსი გაწუხებთ. კიდევ დიდი ხანი შეგაწუხებთ, რადგან იცით, რომ ფატალური შეცდომა დაუშვით, როცა ბრძოლის ველი მიატოვეთ. კიდევ ერთხელ, ნამდვილად არ არის ბაქრაძე თქვენი კანდიდატი. ჩვენ მხოლოდ წარსული გვაერთიანებს. დღეს, როცა თქვენ ინაშვილ-კორკოტას იდეებს ახმოვანებთ, თქვენ და თქვენი კანდიდატი ევროპისა და ნატო-ს მიმართ სკეფსის აღვივებთ, სიბნელეს უარესი სიბნელით ებრძვით, ამით მხოლოდ ანადგურებთ იმ რეფორმებს, რითაც ამ ქოციანობა-ჟამიანობისას ჯერ კიდევ სული უდგას ჩვენს ქვეყანას. თქვენი ყოველი გამოჩენა ცისფერ ეკრანებზე ივანიშვილის გაბანკროტებული რეჟიმის მაშველი რგოლია, რადგან მხოლოდ შურისძიებას და ეგოიზმს ასხივებთ. დიახ, დღეს ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ვართ „ვარდების რევოლუციის“ იდეებისა და რეფორმების საქმის გამგრძელებელი და არა ის მლიქვნელი ოპორტუნისტები, რომლითაც სავსეა დღეს თქვენი პარტიის ხელმძღვანელობა. და, წარსული ურთიერთობის ხათრით, ერთი რჩევაც – დაიმახსოვრეთ, ვინც მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის, ის სამუდამოდ დაკარგავს მას. ისტორიას კი გაუთავებელ „მე, მე, მე, მე“-ს შემოუნახავთ, როგორც ექსპონატს ადამიანური და პოლიტიკური დეგრადაციის“, – მიმართავს სოციალურ ქსელში უგულავა სააკაშვილს.

გიგი უგულავა ამით მიხეილ სააკაშვილის იმ პოსტს გამოეხმაურა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი წერს, რომ მას „ევროპული საქართველოსთვის“ ხეზე ასვლა არ უსწავლებია.

banner
წინა სტატიაში11 ოქტომბრიდან წყნეთი-კიკეთის მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს
შემდეგი სტატიაპეტერ ფელდმანი: თბილისი უძველესი და ულამაზესი ქალაქია