უგულავა: გახარიას ბრალი რომ წაუყენონ, მას დავიცავ

“ხვალ, რომ გახარიას ყურით მოთრეული არგუმენტით, თუნდაც სახელმწიფო გადატრიალების არგუმენტით ბრალი წაუყენონ – მე მას დავიცავ, დავიცავ ნებისმიერ განსხვავებულ ადამიანს, რომელსაც ჩაგრავენ – რაც არ უნდა ბოროტებად ვთვლიდეთ გახარიას, ამ ქვეყანაში აბსოლუტურ ბოროტებად, ამ ქვეყნის სხეულზე კიბოდ ბიძინა ივანიშვილი ჩამოყალიბდა”, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„მართალია ივანიშვილი ყველა ფოთოლში, წიწვში, ქარში და ყველგან არის, მაგრამ ის აქ არის და არსად არ წასულა და ამის ნათელი დადასტურება ვიხილეთ წერილით. ის ლაპარაკობს როგორც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი და უფროსი კაცი, რომელსაც ექვემდებარება ის პარტია, რომლის დახმარებასაც ამ წერილით ცდილობს. გავიგეთ ასევე ის, რომ ივანიშვილი ამ არჩევნებზე, რომელიც 43%-იან ბარიერს შეიცავს და საკმაოდ სარისკო არჩევნებია „ქართული ოცნებისთვის“, ცალსახად „ქართული ოცნების“ მხარესაა, გავიგეთ ისიც, რომ “ქართულ ოცნებაში“ დიდი პრობლემებია, სხვა შემთხვევაში ეს წერილი არ გაჩნდებოდა იმიტომ, რომ როგორც ჩანს ჩაატარეს კვლევები და ნახეს, რომ 43%-თან ახლოსაც არ ჩაუვლიათ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დააბრალეს გახარიას, არადა გახარია ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც მათ დედას უტირებს, მაგრამ არა ერთადერთი. „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს ყოფას უტირებს საკუთარი თავი, საკუთარი გაკეთებული ცუდი საქმეები, დანგრეული ეკონომიკა, გაღარიბებული ადამიანები, გაუბედურებული ოჯახები – აი ეს. „ქართული ოცნება“ მუქთა მხარდაჭერას შეეჩვია, შეეჩვია იმას, რომ შეურაცხყოფას მიაყენებს თავის ამომრჩეველს, დებილობას ეტყვის, აი როგორც კობახიძემ სამი დღის წინ სრული ბოდვა, გიჟის ბოდვა იკადრა. ესეც მონა არის კიდევ უფრო არანორმალურის, კიდევ უფრო გიჟის, კიდევ უფრო ავადმყოფის ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. პარანოიაა ქვეყანაში უკვე, რაც ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა ყველა ხის ქვეშ გადატრიალება ელანდებათ და ახლა, ტროცკივით ჰყავთ ეს გახარია, აი სუფთა ტროცკი – თვითონ კაციჭამია იყო ეს ტროცკი და მერე სხვა კაციჭამიებმა კიდევ უფრო მეტად შეჭამეს და გააქრეს. გიორგი გახარია უნდა გამოვიდეს და თქვას ყველაფერი, ან მისი და კობახიძის ბრძოლა იქნება ძალიან უხამსი ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის მზის ქვეშ და ჩასვენდება ეგ მზე, არ გეყოფათ ორივეს.

გახარია სანამ 20 ივნისზე სრულ სიმართლეს არ იტყვის, თუნდაც საკუთარ თავთან, სანამ ოდნავ მაინც თანაგრძობა არ ექნება თვალგამოთხრილი ადამიანების მიმართ, ჩემთვის გულის რევის და ზაფვრის ობიექტია, მაგრამ ხვალ, რომ გახარიას ყურით მოთრეული არგუმენტით, თუნდაც სახელმწიფო გადატრიალების არგუმენტით ბრალი წაუყენონ – მე მას დავიცავ, დავიცავ ნებისმიერ განსხვავებულ ადამიანს, რომელსაც ჩაგრავენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის მართალია ან რაიმე ღირებულებას წარმოადგენს – მას არანაირი ღირებულებები არ აქვს, არანაირი პრინციპები არ აქვს. რაც არ უნდა ბოროტებად ვთვლიდეთ გახარიას, ამ ქვეყანაში აბსოლუტურ ბოროტებად, ამ ქვეყნის სხეულზე კიბოდ ჩამოყალიბდა ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის მეტასტაზები და საცეცები არიან კობახიძე და დანარჩენები. ახლა ფაქტია, რომ გახარია მის წინააღმდეგ არის იმიტომ, რომ ყოველი მისი ხმა არის დაკლებული „ქართული ოცნებისთვის“, ამიტომ ჩემი მტრის მტერი ჩემი მტერი არ არის მანამდე მაინც, სანამ ჩემი მტერი ჩემს ქვეყანას ძიძგნის და ჩემი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი, გახარია ჩემთვის ფოკუსის აცდენაა“, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე: იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა” მიშელის დოკუმენტსაც მოაწერს ხელს
შემდეგი სტატიანიკა მელია აცხადებს, რომ ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს