უდუმაშვილი – მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი არ მაქვს

ჩვენ არათუ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე, არამედ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს და არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.

ის გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციას მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო არჩევნების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, რომელიც თებერვლის დასაწყისში შეიქმნება.

უდუმაშვილის თქმით, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა კვლავ ვადამდელი არჩევნებია, რაზეც მმართველ გუნდს არაფერი უთქვამს.

„ახალი შეთავაზება არ ყოფილა. ჩვენ ეს ხელისუფლებისგან დაახლოებით ერთი თვის წინ მოვისმინეთ, რომ ისინი მზად არიან, შექმნან საგამოძიებო კომისია, თუმცა აქ მთავარი ის არის, რომ სამი თვის შემდგომ, ჩვენ რაც არ უნდა გამოვიძიოთ და ვიკვლიოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბუთებში, პრაქტიკულად ვერაფერს ვეღარ მივაგნებთ. წარმოიდგინეთ, 31 ოქტომბრის ღამეს როგორ დაწერეს ოქმები, ამ სამი თვის განმავლობაში ყველაფერი გადასწორებული, ჩასწორებული და გადაწიკწიკებული ექნებათ. ვინ შეუშლიდა ამაში ხელს. ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას აზრი არ აქვს. 31 ოქტომბრის შემდეგ რაც მოხდა და როგორც მიიტაცეს არჩევნები, აქედან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია.

ჩვენ არათუ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე, არამედ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს და არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას. შესაბამისად, როგორ მივიღებთ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას.

მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი არ მაქვს. გუშინ გაკეთებული განცხადების შემდგომ, ჩვენ ვნახეთ, რომ ირაკლი კობახიძეს ახალი არაფერი უთქვამს, იმავე პოზიციაზე არიან. პრაქტიკულად, გვთავაზობენ რაღაც საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას და რაღაც საგამოძიებო კომისიის შექმნას, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა ვადამდელ არჩევნებზე, რაც არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა და თუ ამ მთავარ მოთხოვნაზე არ შედგება მოლაპარაკება, არანაირ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალთან უხვი ნალექის გამო მთის ნაშალი ჩამოინგრა
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – ოპოზიციის დიდმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ საქართველო მძევლად აიყვანოს